სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში, ოფიციალური ვიზიტით, ესტონეთში იმყოფებოდა. ორდღიანი სამუშაო ვიზიტისას, ვიქტორ დოლიძე ესტონელ კოლეგას, ასევე საგარეო და თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს შეხვდა.
„ჩვენ გვინდა, რომ თქვენი ხმა ისმოდეს არა მარტო ნატო-სა და ევროკავშირის კულუარებში, არამედ გვინდა პრაქტიკული დახმარება გაგიწიოთ გაწევრიანების პროცესში"-განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სვენ მიკსერმა.
სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნატო-სა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. შეხვედრებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარებაც განიხილეს. ვიქტორ დოლიძემ ევროპელ პარტნიორებს, ცხინვალის რეგიონისთვის, სახელის შესაძლო შეცვლის ფაქტზე, დროული რეაგირება სთხოვა.
შეხვედრებზე აღინიშნა საქართველოს პროგრესი ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელების მიმართულებით და განსაკუთრებით საქართველოს წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში.
„საქართველო იქცევა როგორც ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, როცა საუბარი ეხება საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში კონტრიბუციას"-განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.