საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, აშშ-ის ევროპის სარდლობის საწვრთნელ ბაზას ესტუმრა. დელეგაციას აშშ-ის არმიის ევროპული ჯარების სარდალი, გენერალი, ბენ ჰოჯესი მასპინძლობდა.
როგორც ლევან იზორიამ, შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ჰოპენფელზის მსგავსი, ამერიკული ბაზის მშენებლობა, კიდევ იგეგმება.
„გენერალ ჰოჯესთან ერთად განვიხილეთ ამბიციური გეგმები, რომელიც ამ წლის ფარგლებში უნდა განვახორციელოთ. ეს ითვალისწინებს ჰოჰენფელზის მსგავსი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობას"- განაცხადა ლევან იზორიამ.
აშშ-ის არმიის ევროპული ჯარების სარდალმა, გენერალ-ლეიტენენტმა ჰოჯესმა, ქართველი სამხედროების მომზადების მაღალი დონე აღნიშნა და მათ სანდო პარტნიორები უწოდა.
„ამერიკელებმა ვიცით, რომ ქართველები ამაყი და სანდო პარტნიორები არიან. ვფიქრობ, რომ საქართველო ლიდერი ქვეყანაა ისეთ რეგიონში, სადაც უამრავი გამოწვევა არსებობს. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დღეს ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს და ეს ასეც გაგრძელდება. ამერიკელებს მოსწონთ ყოფნა იმ ხალხთან, რომლებსაც უყვართ თავისუფლება და რომლებიც იბრძვიან თავიანთი თავისუფლებისთვის", - აღნიშნა აშშ-ის არმიის ევროპული ძალების სარდალმა.