მთავარ პროკურატურაში, სასულიერო პირის დაკავების ფაქტზე,საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. პროკურორ ირაკლი შოთაძის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე, მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიებას ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა, რომელსაც დეკანოზმა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების, ციანიდის მოპოვებაში დახმარება სთხოვა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე გერმანიაში წასვლას აპირებდა და შხამიანი ნივთიერება გამგზავრებამდე სჭირდებოდა. ბერლინში პატრიარქი თანმხლებ პირებთან ერთად, სამკურნალოდ იმყოფებოდა.
დეკანოზი 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი ბარგის ჩხრეკისას, ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება, „ნატრიუმის ციანიდი" ამოიღეს.
პოლიციამ გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნაც ამოიღო.
12 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მამალაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18, 108-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.