უცხოური მედია დონალდ ტრამპისა და პაპ ფრანცისკეს შეხვედრის სავარაუდო თარიღს ავრცელებს. ტრამპი იტალიაში 26-27 მაისს, „დიდი შვიდიანის" ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით უნდა ჩავიდეს. ამის შესახებ იტალიური გაზეთი „Corriere dell Sera", სააგენტო „Breitbart news"-ზე დაყრდნობით იუწყება. სააგენტო ტრამპის ყოფილი მრჩევლის, სტივენ ბენონის ინფორმაციას ავრცელებს.
უცხოური მედია წერს, რომ რომის პაპისა და ტრამპის წინამორბედი პრეზიდენტების პირველი შეხვედრაც მსგავს გარემოებაში, „დიდი რვიანის" სამიტისას მოხდა. ბარაკ ობამა ბენედიქტ XVI-ს, 2009 წელს და ჯორჯ ბუში იოანე პავლე II-ს, 2001 წელს შეხვდა.
დონალდ ტრამპს და პაპ ფრანცისკეს, ინაუგურაციის დღის შემდეგ კომუნიკაცია არ ჰქონიათ. ტრამპის ოფიციალურად არჩევისას, რომის პაპმა თქვა, რომ ის ილოცებდა, რადგან ტრამპის პოლიტიკური გადაწყვეტილებები სულიერი და ეთიკური ღირებულებებით ყოფილიყო მიღებული.
რომის პაპმა, იმიგრანტებთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკაზე, არაერთხელ ისაუბრა. პაპმა ფრანცისკემ ესპანურ გაზეთ „El Pais"-თან ინტერვიუში, სხვადასხვა ქვეყნის მიერ საზღვრებზე მავთულხლართების გაბმა გააკრიტიკა.
26-27 მაისს დაგეგმილ სამიტზე, პრეზიდენტი ტრამპი ევროპელ ლიდერებს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა კანადის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის პრემიერ-მინისტრებთან, ასევე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან. აშშ-ის პრეზიდენტი იტალიაში ევროპის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს და ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟან- კლოდ იუნკერსაც შეხვდება.