პატრიარქ ილია II-სთან ბერლინის საავადმყოფოში დაცვა გაძლიერებულია, სასულიერო პირების ნაწილს პროკურატურის განცხადება, დეკანოზ გიორგი მამალაძის მხრიდან პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე, არ სჯერა და კითხვები აქვს, ნაწილი პროკურატურას სრულად ენდობა.
თეოლოგების ნაწილი აცხადებს, რომ პატრიარქ ილია II-ის სიცოცხლეშივე დაწყებულია მომავალი პატრიარქობისთვის ბრძოლა და მოწამვლაზე ატეხილი სკანდალიც სწორედ ამ ბრძოლას უკავშირდება, თუმცა ვინ გეგმავდა პატრიარქის მოწამვლას ან ვის ინტერესებს ემსახურება ატეხილი სკანდალი, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ამაზე საუბარს ერიდებიან.
პროკურატურა და "ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ პატრიარქის მოწამვლას ცდილობდნენ და ამის აღკვეთა მოხდა. პატრიარქის მხრიდან პოზიცია არ დაფიქსირებულა.
დაკავებულ დეკანოზ მამალაძის უფლებების დამცველი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს, მაგრამ საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან მას გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი და გულდასაწყვეტია, როდესაც იმპერატიული ფორმით პროკურატურისაგან ისმის შინაარსობრივი ბრალდება ამ ადამიანის მიმართ და მას არ აქვს უფლება, საზოგადოებას სიმართლე უთხრას.
ის აპირებს, პროკურატურას მიმართოს, რომ, შესაძლებლობის ფარგლებში, გიორგი მამალაძის პოზიციაც დაფიქსირდეს.
დაკავებულის პოზიცია უცნობია, თუმცა "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, რომელიც საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილეა, დაკავებამდე 2 თვით ადრე პატრიარქს წერილი გაუგზავნა, სადაც საპატრიარქოში არსებულ ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი, რომლის დაფარვასაც თავად სასულიერო პირები და სინოდის წევრები ცდილობდნენ.
მამა გიორგი მამალაძეს სავარაუდო წერილის მიხედვით ირკვევა, ქონების ფინანსური აუდიტის შედეგად გამოიკვეთა ფაქტები, რომელიც შეიძლება დანაშაულს შეიცავდეს და კვალი საპატრიარქოს უმაღლესი სასულიერო პირებთან და ასევე ქვეყნის უმაღლესი ჩინოვნიკებამდე მიდის.
მაგალითად, საუბარია, რომ საპატრიარქოს კლინიკაში 5 მილიონ ლარამდე დავალიანების აღმოჩენის შესახებ, რომელიც დაგროვილი იყო არაკეთილსინდისიერი მენეჯმენტის თაღლითური სქემების მეშვეობით და სადაც სავარაუდოდ გამოიკვეთა სს დანაშაულებიც.
წერილში აღნიშნულია, რომ მამა გიორგი მამალაძეს საპატრიარქოს საფინანსო საბჭოს თავმჯდომარემ, ქორეპისკოპოსმა იაკობმა სთხოვა ეს საკითხი არ გაეხმაურებინა. ასევე საუბარია იმაზე, რომ საპატრიარქოს მიერ 100% წილით დაფუძნებული ორგანიზაციების სიაში აღმოჩნდა სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, რომლებიც წლებია ეწევიან სხვადასხვა საქმიანობას.
მამა გიორგის მაგალითად არალეგალური სპირტის, ნავთობპრდუქტების შემოტანა და სპორტული კლუბების არსებობა მოჰყავს, დეკანოზ მამალაძეს წერილში სხვა ის ორგანიზაციებიც მოჰყავს მაგალითად, რომლებიც კანონდარღვევით ეწევიან საქმიანობას. არის თუ არა ავთენტური ეს წერილი, ჯერ უცნობია.
მანამდე კი, ცნობილია ის, რომ პროკურატურის მტკიცებით, მამა გიორგი მამალაძე რამდენიმე დღის წინ დააკავა და დეკანოზს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლა ჰქონდა დაგეგმილი.
მიუხედავად იმისა, რომ "მაღალი იერარქი" პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, თუმცა მინიშნებები პროკურატურისგანაც პატრიარქზე გაკეთდა და ასევე სასულიერო პირების დიდი ნაწილი და "ქართული ოცნების" პოლიტიკოსები დარწმუნებით აცხადებენ, რომ საუბარია პატრიარქის მოწამვლაზე და უმძიმესი დანაშაული მზადდებოდა, რაც სამართალდამცველებმა თავიდან აიცილეს.
პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული - ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა, რისთვისაც ის სამართალდამცველ სტრუქტურებს მადლობას უხდის. მისივე თქმით, ეს საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი, ბერლინში გააგზავნა პირადი დაცვის წევრები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან ერთად და აპირებს, პატრიარქი ბერლინში მოინახულოს.
პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ პროკურატურისგან უფრო მეტ ინფორმაციას ელოდებიან, პატრიარქის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია და ის ბერლინიდან საქართველოში დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ჩამოვა.
"რა უფლება გვაქვს არ ვირწმუნოთ პროკურატურის. ყოველ შემთხვევაში, ველოდებით უფრო მეტ ინფორმაციას, რადგან როგორც ჩანს პროკურატურას მასალები გააჩნია, რის საფუძველზეც, ის დააკავეს.
"დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქთან ძალიან დაახლოებული პირი იყო, ურთულესი საქმის, სამშობიაროს უფროსი იყო, მას ჰქონდა უფლება პატრიარქს ინდივიდუალურად შეხვედროდა. პოტენციურად ყველას შეუძლია რაღაც დაგეგმოს. მას რა განზრახვა ჰქონდა, არ ვიცით", - ამბობს მამა მიქაელ ბოტკოველი.
ამბობს, რომ პატრიარქის გერმანიაში გამგზავრება მის მოწამვლასთან დაკავშირებული არ ყოფილა. ის, რომ სამომავლოდ პატრიარქის ტახტის დაკავებაზე არის თუ არა დაპირისპირება საპატრიარქოში, ამბობს, რომ "შეიძლება ვიღაც ფიქრობს", მაგრამ ამაზე საუბარი არ სურს.
პროკურატურას ნდობას უცხადებს ბერლინში მყოფი ბოდბელი ეპისკოპოსი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი. ის აცხადებს, რომ სანამ გამოძიება მიმდინარეობს არ სურს რამე თქვას, თუმცა ამბობს, რომ თუ ვიღაც რამეს აპირებდა, ის მარტო ვერ გააკეთებდა.
"თუ პროკურატურა აცხადებს, ბოლომდე გაიხსნებიან, ეს ისეთი თემაა. ერთი რამ ვიცი, რომ უწმინდესთან დაცვა გაძლიერდა და მას სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური იცავს... ბრალს ვერავის ვერ დავდებ. თუ ვინმე გარეთ დარჩა და ხელი არ მოკიდეს, ნახავთ მერე. თუ ვიღაც რაღასაც აკეთებდა, ის მარტო ვერ გააკეთებდა", - ამბობს მეუფე იაკობი.
"ფეისბუქში" თბილისის ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი წერს, რომ "მამალაძემ ეს ყველაფერი ცრუ მორჩილებით ჩაიდინა და სიმართლე უნდა ითქვას, ვის უნდოდა პატრიარქის ლიკვიდაცია?!".
მისგან განსხვავებით, სასულიერო პირების ნაწილი აცხადებს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის ნდობით აღჭურვილი პირია, მას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილია II-სთან და ამიტომაც ეს ფაქტი ბევრისთვის დაუჯერებელია.
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი შიო პაიჭაძე ამბობს, რომ პროკურატურის ბრალდება ძალიან მძიმეა და ბრალდება 100%-ით უნდა იყოს დარწმუნებული, როდესაც ადამიანს მკვლელობაში ადანაშაულებს.
"ამ ფაქტის არ მჯერა. მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ეს ადამიანი არის პოტენციური მკვლელი. რა მნიშვნელობა აქვს შესრულდა თუ არა ეს საქმე. ეს ძალიან რთული ბრალდებაა. ეს უნდა იყოს 100%-იანი ბრალდება, როდესაც ადამიანს ბრალს წაუყენებ.
"მე არც სპეცსამსახურებს გავაკრიტიკებ, აქ სულ სხვა სიტუაციაა, გაურკვეველი მდგომარეობა და გაირკვევა თავის დროზე. მას (გიორგი მამალაძეს) უყვარდა პატრიარქი და პატრიარქი ენდობოდა მას. მინახავს კიდეც, რომ საჭმელი თავისი ხელთ შეჰქონდა, ისეთი მამობრივი დამოკიდებულება ჰქონდა და ასეთი ბრალდება წარმოუდგენელი რამ არის", - აღნიშნავს მამა შიო, რომელიც იმ ეკლესიის წინამძღვარია, რომელსაც ადრე დეკანოზი გიორგი მამალაძე ხელმძღვანელობდა.
დედა სიდონიას განცხადებით, მისთვის დაუჯერებელია პროკურატურის განცხადება და მამა გიორგი მამალაძის დანაშაულის არც პატრიარქს არ სჯერა.
"თუ ვამბობთ, რომ პროკურატურას გამოძიება არ დაუსრულებია, ვერ ვიტყვით, რომ მან დანაშაულის პრევენცია მოახდინა. მამა გიორგი არის საკმაოდ საღად მოაზროვნე და გაწონასწორებული, საკმაოდ კეთილგანწყობილი და მე პირადად ვერ ვიჯერებ, რომ მამა გიორგის შეეძლო ეს გაეკეთებინა.
"თუ ვინმეს მოკვლას გაბედავდნენ მოკლავდნენ სხვას და არა პატრიარქს. არანაირი საჭიროება და მიზანი არ შეიძლება ყოფილიყო ეს მათთვის... მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის ნდობით აღჭურვილი პირია და პატრიარქმა ეს არ დაიჯერა", - განაცხადა დედა სიდონიამ.