პატრიარქის მოწამვლის მცდელობის საქმეში ბრალდებული დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ეკა ლომიძემ მოინახულა.
იურისტის თქმით, მამა გიორგი მაღალაძე ბრალს არ აღიარებს.
"ჩვენ როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია დაინტერესებული ვართ, რომ თითოეული ადამიანის უფლება იყოს დაცული, მითუმეტეს, იმ ადამიანების ვისაც ბრალი აქვს წარდგენილი და იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვენახულებინა მამა გიორგი მამალაძე, რადგან საკმაოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არის ეს საქმე. გვინდოდა გავსაუბრებოდით იმ საკითხებზე, როგორ არის, მოხდა თუ არა მისი უფლებების დარღვევა, ხომ არ იყო უფლებების ისეთი დარღვევა, სადაც შესაძლებელია ჰქონდეს პრეტენზია სახელმწიფოს მიმართ, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მან არანაირი ინფორმაცია არ მოგვაწოდა,"-განაცხადა ეკა ლომიძემ.
მისივე თქმით, დეკანოზის ფიზიკური მდგომარეობა ნორმალურია. რაც შეეხება მედიაში მამა გიორგი მამალაძის სახელით გავრცელებულ წერილს, როგორც ლომიძემ აღნიშნა, ამ საკითხზე არ უსაუბრიათ.