ეკატერინე ბასილაია
15.02.2017

 საპატრიარქოსთან დაკავშირებული უპრეცედენტო სკანდალური საქმის, სავარაუდოდ პატრიარქ ილია ||-ის შესაძლო მკვლელობის მომზადების ირგვლივ, დღითი დღე უფრო მეტი კითხვა ჩნდება. მაგალითად, სახალხო დამცველმა რუსთავის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "რაღაცები ლოგიკაში არ ჯდება", მამალაძე უარყოფს საწამლავის ფლობას და თავს მსხვერპლად მიიჩნევს.

უჩა ნანუაშვილი ალოგიკურად მიიჩნევს იმას, რომ, მამალაძის თქმით, ბრალში, რომელიც მას ოფიციალურად წარედგინა, სასულიერო პირზე საუბარი საერთოდ არ არის, იმ დროს, როდესაც, მთავრი პროკურორის მტკიცებით, "მზადდებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა" და მამალაძეს შხამიანი ნივთიერება ციანიდი მიჰქონდა ბერლინში, იმ კლინიკაში, სადაც პატრიარქი მკურნალობს, ხოლო "ქართული ოცნების" პოლიტიკოსები პირდაპირ აცხადებენ, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა. როგორც გუშინ "არჩევანის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ "რუსთავი 2"-ის წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, იმ ჩანაწერში, რომელზეც მთავარი პროკურორი ბრიფინგზე საუბრობდა, თუმცა არ გაუმჟღავნებია, საუბარია არა პატრიარქზე ან რომელიმე სხვა მაღალ იერარქზე, არამედ პატრიარქის რეფერენტზე, შორენა თეთრუაშვილზე, რომელსაც მიიჩნევა, რომ, ეკლესიაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა გააჩნია.

"საქმეს მომზადების ნიშნები ეტყობა, და რაც მოხდა, ეტყობა, რომ ეს დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და, შეიძლება ითქვას, რომ ის არის გარკვეულწილად მსხვერპლი," - განაცხადა ნანუაშვილმა და გაახმოვანა დეკანოზის თხოვნაც, რომ თავისი ოჯახის უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული.

დაკავებულის ადვოკატი გიორგი ფანცულაია სახალხო დამცველის მიერ გამოტანილ ინფორმაციას ადასტურებს და ორი დღეა პროკურატურას მიმართავს, რომ გააუქმოს საქმის მასალების გაუთქმელობაზე დადებული შეთანხმება, რადგან პროკურატურა ცალმხრივად და მტკიცებითი ფორმით თავად საუბრობს საქმის მასალებზე, მათ კი პასუხის გაცემის უფლება არ აქვთ.

"საზოგადოებამ რომ იცოდეს ორივე მხარის პოზიცია, ეს იქნებოდა ნეიტრალური და შემდეგ საზოგადოება შეაფასებდა. იმ არგუმენტებზე მაინც მოგვეცეს პასუხის გაცემა, რასაც საჯაროდ გვიყენებენ. პროკურატურის თითქმის ყველა არგუმენტთან ჩვენ წინააღმდეგობაში ვართ," - ამბობს ფანცულაია.

გარდა იმისა, რომ დეკანოზი "უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირის" მკველობაშია ბრალდებული, ჩნდება ახალი სკანდალი იმაზე, რომ საპატრიარქოში ქონებასთან დაკავშირებით დიდი კორუფციული გარიგებებია, რომელთა კვალი მაღალ იერარქებთან მიდის და სადაც დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე არის მამხილებელი.

შეიძლება თუ არა მამალაძის თანამდებობა - საპატრიარქოს ქონების სამსახურის უფროსის მოადგილეობა - უკავშირდებოდეს მის დაკავებას, ამაზე არც დეკანოზი და არც მისი უფლებადამცველი არ საუბრობენ გაუთქმელობის შეთანხმების გამო.

მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ დეკანოზი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას ინარჩუნებს, მანამ სანამ მას მაღალი იერარქიის სასულიერო პირისგან საუბრის კურთხევა არ ექნება. თუმცა მასზე დაყრდნობით რაღაც დეტალები სახალხო დამცველისა და ადვოკატის მეშვეობით მაინც გახდა ცნობილი.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, დაკავებული დეკანოზი ადასტურებს ფაქტს იმაზე, რომ საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით არსებულ უკანონო სამეწარმეო საქმიანობაზე და მაღალი ერარქიის სასულიერო პირების კორუფციაზე მან პატრიარქს წერილი მართლაც მისწერა და ითხოვდა რეალურად გამოძიებულიყო ეს საქმე ან ის გადაეყენებინათ. თუმცა "რუსთავი 2"-ის მიერ ორშაბათს გავრცელებული წერილი, სადაც მათ შორი მეუფე იაკობის მხრიდან კორუფციასა და მუქარაზეცაა საუბარი, მისი დაწერილია თუ არა, ამას ვერ დაადასტურებს, რადგან კონკრეტულად რა გავრცელდა, მას არ უნახავს.

"უშუალოდ ამ წერილის აუთენტურობას ვერ დაადასტურებს, ვინაიდან თავად არ გაცნობია ამ წერილს. მაგრამ ის ადასტურებს, რომ მსგავსი შინაარსის წერილით არაერთხელ 2015 წლის დეკემბრიდან აქვს წმინდა სინოდისთვის მიმართული და სამწუხაროდ, გარკვეული მხარეების მიერ იბლოკებოდა," - განაცხადა ადვოკატმა ფანცულაიამ.

პროკურატურა დუმს და ორშაბათს გაკეთებული განცხადების შემდეგ ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებულ ბრალდებას კი ბერლინიდან გამოეხმაურა მეუფე იაკობი, რომელიც ბრალდების ერთ-ერთი ადრესატია.

"ეგ არის ვიღაცის ჩვეულებრივი ზღაპრები, რა კომენტარი გავაკეთო, ვერ გავიგე. მაგ სამსახურის შექმნა ჩემი იდეა იყო და ნუ იბრალებენ სხვები. ვინც გამოაქვეყნა, იმას თუ ჰქონდა, იმას უნდა ჰკითხოთ, მაგის გარკვევა ნებისმიერ დროს შეიძლება. უბრალოდ, სირცხვილია თემის გადაფარვა იმით, რომ, თურმე, მეუფეს მილიონებთან ჰქონია კავშირი, ეს არასერიოზულად მიმაჩნია. თემა რა უფრო დიდია, უწმინდესის უსაფრთხოება, თუ ვიღაცა მეუფე, თუნდაც, ქურდი მეუფე, რომელი უფრო სერიოზულია," - აცხადებს მეუფე იაკობი.

აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს ქონების განკარგვაზე ხელი სამ სასულიერო პირს მიუწვდება - მეუფე იაკობს, მეუფე თეოდორეს, რომლებიც დღეს პატრიართქთან ერთად ბერლინში არიან და ასევე პატრიარქის მდივან მამა მიქაელ ბოტკოველს, რომელიც ამჟამად თბილისშია.

მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, გამორიცხული არ არის ეს წერილი მამა გიორგი მამალაძის დაწერილია, მამა გიორგი საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი მოადგილეა და ამ თემასთან შემხებლობა ჰქონდა, მაგრამ შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ წერილში ძალიან ბევრი საკითხი ხელოვნურად არის დრამატიზირებული.

"რა თქმა უნდა, იდეალური მდგომარეობა არსად არ არის და ვერც ერთ საწარმოსა და ინსტიტუციაში ვერ იქნება, მაგრამ ის, რომ რაღაც კორუფციული სქემებია, ამას ვერ გავიზიარებ. ამას სჭირდება რაიმე მყარი არგუმენტები, თუ რატომ საუბრობს მამა გიორგი ამ საკითხებზე. თანაც ამას აკეთებს წერილობითი ფორმით," - ამბობს ბოტკოველი, რომლის თქმითაც, უკვირს რა საჭირო იყო ეპისტოლარული ფორმა, როდესაც მამა გიორგის პატრიარქთან კომუნიკაციის პრობლემა არ ჰქონია და ის ძალიან ხშირად ხვდებოდა ილია ||-ს.

გუშინ ამ სკანდალს პირველად გამოეხმაურა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრი, რომლის გარემოცვის წევრია დაკავებული მამა გიორგი მამალაძე.

ის "ფეისბუქში" წერს, რომ დეკანოზ გიორგისთვის ბრალის დამტკიცება საუკუნის ტრაგედიად ჩაითვლება.

"გამოვხატავ ჩემს დიდ გულისტკივილს მომხდარი მოვლენების გამო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საუკუნის ტრაგედიად.

"ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომელსაც ნდობას ვუცხადებთ. ვიმედოვნებთ, კანონის უმკაცრესი სასჯელით დაისჯება ამ ვერაგული განზრახვის ყველა მონაწილე, განურჩევლად მათი სტატუსისა. თხოვნით მოგმართავთ ყველას, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავოთ ვარაუდებიგან. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი)", - წერს მეუფე.

კათოლოკოს-პატრიარქი კვირის ბოლომდე გერმანიაში რჩება და მას ჯერ ოფიციალურად არაფერი უთქვამს მამა გიორგი მამალაძის საქმეზე, ამიტომაც ყველა დიდი ინტერესით ელოდება, რას იტყვის უწმინდესი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ.

სახალხო დამცველი და სხვა უფლებადამცველები კი პრეტენზიას გამოთქვამენ იმაზე, რომ დაკავებული დეკანოზი დანაშაულს არ აღიარებს და ამ დროს მტკიცებითი ფორმით მას დამნაშავედ ნათლავს ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რაც მიუღებელია და უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა და ამასთანავე ითხოვენ, გაუთქმელობის შეტანხმება გაუქმდეს.

"ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის" იურისტი ეკა ლომიძე, რომელმაც დაკავებული დეკანოზი საპატიმროში მოინახულა, ამბობს, რომ მათთვის პროკურატურის პოზიცია და "ცალ კარში თამაში" მიუღებელია, რადგან დაკავებულს გაუთქმელობის ხელწერილი აქვს ჩამორთმეული და ამ დროს აბრალდების მხარე საზოგადოებრივად მაღალი ინტერესის მქონე საქმეზე ტირაჟირებს იმაზე, რომ ეს იყო საკმაოდ მძიმე დანაშაული, რომელიც ადიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა.

გარდა ამისა, აცხადებს, რომ ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია, როდესაც მაღალჩინოსანი პირები აკეთებენ განცხადებებს, რომ თურმე პატრიარქის მკვლელობის მცდელობა მზადდებოდა.

"ეს ნიშნავს, რომ ადამიანი მოვნათლეთ დამნაშავედ ისე, რომ ჯერ არ გვაქვს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი და უბრალოდ არსებობს ბრალი, ისიც მხოლოდ ცალმხრივად არსებული არგუმენტებით და არ არსებობს მეორე მხარის მიერ არგუმენტები, რომელიც საზოგადოებას ეცოდინებოდა. ასეთ პირობებში არ შეიძლება ვისაუბროთ დაცვის უფლების ნორმალურ განხორციელებაზე. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ აუცილებლად მოიხსნას გაუთქმელობის ხელწერილი, რათა ადვოკატმა შეძლოს საზოგადოებას გააცნოს ის ყველაფერი, რაც მათ აქვთ. ამ შემთხვევაში პროკურატურის პოზიცია მიუღებელია, როდესაც ასე ცალ კარში თამაშობს," - ამბობს უფლებადამცველი ეკა ლომიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×