ნატო-ს გენერალური მდივანი ალიანსის სამხედრო ბიუჯეტის გაზრდას აუცილებლად მიიჩნევს. ამის შესახებ, მან შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან დაგეგმილ შეხვედრამდე განაცხადა.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, გასულ წელს ნატოს ხარჯები 10 მილიარდი დოლარით გაიზარდა. მისი თქმით, ამ პროცესის გაგრძელება აუცილებელია.
„თუ მსოფლიოში დაძაბულობის შემცირების პარალელურად, თავდაცვის ხარჯებს ვამცირებდით, ახლა დროა რომ გავზარდოთ, რადგან დაძაბულობა დღითიდღე იზრდება" , - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ევროპული სახელმწიფოები, შეერთებული შტატების მოთხოვნის საფუძველზე, 2014 წელს დადებული შეთანხმებით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ალიანსის თავდაცვისთვის, მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტამდე კონტრიბუციას დათანხმდნენ.
გენერალური მდივანი წევრი ქვეყნებისგან ამ შეთანხმების პირობების დაცვას მოითხოვს. ანალოგიური მოთხოვნები აქვს პრეზიდენტ ტრამპსაც. ნატოს ბიუჯეტის 70 პროცენტს სწორედ შეერთებული შტატები ავსებს.