რეზონანსი
15.02.2017

 სახალხო დამცველმა თამბაქოს მოწევის კონტროლის შესახებ, შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. უჩა ნანუაშვილმა კვლევის შედეგები მთავრობას, დიპლომატიურ კორპუსს და მესამე სექტორს გააცნო.

კვლევების მიხედვით, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 30%-ზე მეტი მწეველია, ხოლო 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების 60% თამბაქოს კვამლის მავნე, მეორადი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.

სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშში ნათქვამია, რომ სამუშაო და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქმედი ნორმები, თამბაქოსგან თავისუფალ გარემოს ვერ უზრუნველყოფს.

უჩა ნანუაშვილის თქმით, არ არსებობს თამბაქოს რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის ყოვლისმომცველი აკრძალვა. ასევე, არ არსებობს ელექტრონული სიგარეტის რეალიზაციასა და რეკლამირებასთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც ომბუდსმენის აზრით, დროულად უნდა შემოიღონ.

სახალხო დამცველმა კვლევის შედეგების წარდგენისას, მთავრობას რეკომენდაციით მიმართა, რომ თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, მეტი რესურსი დაუთმონ.

„თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა საჭიროებს აღნიშნულ საკითხზე ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანას, განსაკუთრებით, მოზარდებისთვის თამბაქოს პროდუქციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებას" , - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×