ზაქარია ქუცნაშვილის აზრით, ყოფილ და მოქმედ მოსამართლეებზე გამოსაცდელი ვადის გაუქმების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლოგიკურია, მაგრამ არსებულ რეალობასთან შეუსაბამო. მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პარადოქსული ვითარება შეიქმნა.
"თავად კონსტიტუციაში წერია, რომ მოსამართლე თანამდებობაზე შეიძლება გამოსაცდელი ვადით გამწესდეს ანუ კონსტიტუცია უშვებს მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებისას, მისთვის გამოსაცდელი ვადის დაწესებას. ჩვენ აღმოვჩნდით იმ მდგომარეობაში, რომ როდესაც 2013 წელს კონსტიტუციის ეს დანაწესი ძალაში შევიდა, გვყავდა მოსამართლეები, რომელთაც სამოსამართლეო უფლებამოსილება დაასრულეს ან იყვნენ სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადაში. როდესაც სამუშაო ჯგუფი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტზე მუშაობდა, მაშინ ჯგუფის საერთო აზრი იყო, რომ ყოფილი და ახალი მოსამართლეობის კანდიდატები თანაბარ მდგომარეობაში ჩამდგარიყვნენ და გამოსაცდელი ვადა შეხებოდათ როგორც ყოფილ, ასევე ახალ მოსამართლეებს. ეს იყო მოტივაცია, როცა 2014 წელს ძალაში შევიდა კანონში განხორციელებული ცვლილებები ყოფილი და ახალი მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით დანიშვის შესახებ. ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყოფილ და მოქმედ მოსამართლეებს გამოსაცდელი ვადა არ შეეხოს. ალბათ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმ ლოგიკით, რომ თუკი მოსამართლე სამოსამართლეო უფლებამოსილებას არღვევს, არსებობს დისციპლინური დევნის ინსტრუმენტი და მისი ვადაზე ადრე გათავისუფლება დისციპლინური დევნით შეიძლება," - განაცხადა ქუცნაშვილმა.