ბრიუსელში გამართულმა ნატოს მინისტერიალისა და ნატო-საქართველოს კომისიის მორიგმა შეხვედრამ ნათლად აჩვენა, რომ მიუხედავად ალიანსის შიგნით არსებული პრობლემებისა, ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა, წევრი ქვეყნები საქართველოს კვლავ განიხილავენ, როგორც ასპირანტ ქვეყანას და აპირებენ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.
15-16 თებერვალს გამართული თავდაცვის მინისტრების შეხვედრის მთავარი საკითხი სამხედრო სფეროს დაფინანსების გაზრდა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე ორიენტაცია იყო. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ თავდაცვით ხარჯებზე მშპ-ის 2 პროცენტიან მოთხოვნას მხოლოდ წევრი 4 ქვეყანა აკმაყოფილებს, რაც შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის უკმაყოფილებას იწვევს.
გარდა ამისა, ვაშინგტონში თვლიან, რომ ნატომ მეტი წვლილი უნდა შეიტანოს ტერორიზმთან ბრძოლაში. სწორედ ეს გზავნილები ჩაიტანა ნატოს შტაბ-ბინაში ახალმა თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა.
რაც შეეხება საქართველოს, ჯეიმს მატისმა ჩვენი ქვეყნის მიმართ მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირა, მოიხსენია რა იგი ნატოს უახლოეს პარტნიორად.
"მე გამოვხატე ჩემი აღფრთოვანება და პატივისცემა საქართველოს კონტრიბუციისა და მათ მიერ გაღებული მსხვერპლის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანამ ნატოს ბრძოლის ველზე, ავღანეთში გაიღო", - განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა.
ასევე ცალსახად პოზიტიურად შეაფასა ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რომელმაც აღნიშნა, რომ "ეს პარტნიორობა ორმხრივია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთს ვეხმარებით და გვერდში ვუდგავართ. ნატო საქართველოს უწევს დახმარებას თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობასა და რეფორმების განხორციელების პროცესში. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს".
საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევიან იზორიას აზრით, საქართველო-ნატოს კომისიის შეხვედრა იყო ძალიან წარმატებული: "ეს იყო ერთადერთი შეხვედრა ასეთ ფორმატში არაწევრ ქვეყანასთან, სადაც თითოეულმა თავდაცვის მინისტრმა მხარი დაუჭირა ჩვენს მიერ დაწყებულ რეფორმებს თავდაცვის უწყებაში, გამოხატეს მკაფიო მხარდაჭერა ჩვენი მისწრაფების მიმართ, რომ გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა. მე მოვიყვან ბატონი მატისის სიტყვებს, რომელმაც ბრძანა, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანების შესახებ ძალაშია და მომავალშიც იქნება მკაფიოდ მხარდაჭერილი".
მინისტრმა დაადასტურა, რომ ნატო გააგრძელებს იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში ერთობლივი წვრთნებისა და შეფასებების ცენტრის გაძლიერებას. გარდა ამისა, ლევან იზორიას ინფორმაციით, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გაფორმებული მემორანდუმის და უსაფრთხოების სფეროში სამწლიანი ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება ამბიციური, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს ვაზიანში საწვრთნელი ცენტრის მშენებლობას.
"იქნება საუკეთესო შესაძლებლობა იმ პრაქტიკული მიზნის მისაღწევად, რასაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და მდგრადობის გამტკიცება ჰქვია", - განაცხადა მინისტმა.
"რეზონანსის" კითხვაზე, თუ უსაფრთხოების რა გამოწვევები არსებობს კავკასიაში და როგორი პასუხი აქვს საქართველოს, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ "მთავარი ამოცანა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რეფორმებზე და მათ შორის თავდაცვის სფეროში, გახლავთ ის, რომ მოსახლეობამ თავი იგრძნოს უსაფრთხოდ. ნატოსთან პარტნიორობა და ნატოს მიერ საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის, აღიარება ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას თითოეული მოქალაქისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან აქტიური ჩართულობა საერთო წვრთნებში, ჩვენი მხრიდან მეტი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, რომ მათ ჰქონდეთ როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო სივრცეში ჩვენთან კომუნიკაციის მეტი საფუძველი, იძლევა უსაფრთხოების მეტ გარანტიებს. ჩვენი თანამშრომლობა ამ მიმართულებით გაძლიერდება, რათა პირველ რიგში მშვიდობა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იქნეს უზრუნველყოფილი".
ამასთან, მინისტმა აღნიშნა, რომ რეფორმები სამხედრო სფეროში არავის წინააღმდეგ არაა მიმართული: "ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვცდილობთ ამ რეფორმების გატარებას. ეს არავითარ შემთხვევაში არ უკავშირდება მილიტარიზაციას, ერთადერთი მიზანი არის ჩვენი სიძლიერე, მდგრადობა და დემოკრატიული, მშვიდობიანი განვითარება".
აღსანიშნავია, რომ მინისტერიალზე თავდაცვის მინისტრებმა საქართველოსათვის მნიშვნელოვანი, შავ ზღვაში სამხედრო საზღვაო ძალების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს: "ჩვენ დღეს ორი გადაწყვეტილება მივიღეთ სამხედრო საზღვაო მიმართულებით: სამხედრო საზღვაო შემადგენლობის გაძლიერება შავ ზღვაში და მათი აქტიური მონაწილეობა პარტნიორ ქვეყნებთან ერთობლივ წვრთნებში. ასევე, ჩვენს ძალებს დაემატა ფუნქცია, რომლის თანახმად კოორდინირება უნდა გაუწიონ შავ ზღვაში მყოფ პარტნიორი ქვეყნების სამხედრო საზღვაო ძალებს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალური მდივნის აზრით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთის მიმართ სტრატეგიული მოთმინება უნდა გამოიჩინოს, მასთან საუბარი ძალის პოზიციიდან და იმ შემაკავებელი მექანიზმების მეშვეობით არის საჭირო, რომლებსაც დასავლეთი ცივი ომის პერიოდში იყენებდა.