საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცის საკითხზე მსჯელობს. კომისიის წევრი დამოუკიდებელი ექსპერტების თქმით, დისკუსია რამდენიმე საკითხზე უკვე გაიმართა, მათ შორის საუბარი საერთაშორისო ურთიერთების მხრივ პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებასა და ელჩების დანიშვნის უფლების შეკვეცაზეა.
თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ ვიდრე კომისია შეჯერებულ ვარიანტებს არ წარმოადგენს და სახალხო განხილვა არ დაიწყება, ადმინისტაცია კომენტარს არ გააკეთებს.
"ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარებს არ ვაკეთებთ, ანუ, არ ვმონაწილეობთ საკონსტიტუციო კომისიაში და შესაბამისად, სანამ უკვე შეჯერებული ვარიანტები არ იქნება, ჩვენ კომენტარებს არ ვაკეთებთ. პრეზიდენტმა თავისი აზრი ამ საკითხზე გამოთქვა და თქვა, რომ ის აპირებს დაიწყოს საკონსტიტუციო თემებზე სახალხო განხილვა და როდესაც ის დაიწყება, ჩვენს პოზიციას მაშინ დავაფიქსირებთ," - განუცხადეს "რეზონანსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მანამდე კი ცნობილია, რომ 2 დღის წინ გამართულ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე კონტრასიგნაციის საკითხს განიხილავდნენ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს შესაძლოა შეწყალების კანონზე ვეტოს დადების და ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების უფლებამოსილებაზე პრემიერის თანხმობა დასჭირდეს.
საკონსტიტუციო კომისიის წევრი, დამოუკიდებელი ექსპერტი და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ კომისიის წევრები ჯერჯერობით მხოლოდ საკუთარი აზრის გამოხატვის ეტაპზე არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ზოგადი განხილვით შემოიფარგლებიან. მისი ცნობით, სავარაუდოდ, თვის ბოლოდან უკვე კონკრეტული საკითხების განხილვა დაიწყება და მათ შორის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცა-არშეკვეცის თემაზეც.
რაც შეეხება ამ ეტაპზე წამოჭრილ თემებს, როგორც მენაბდემ "რეზონანსს" განუცხადა, რამდენიმე ჯგუფს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცის საკითხზე სხვადასხვა დისკუსია ჰქონდა.
"პირადად მე, ერთი მხრივ, სასამართლოსა და ადამიანის უფლების ჯგუფში ვარ გაწევრიანებული და, მეორე მხრივ, პარლამენტის მომუშავე ჯგუფში. ყველა ამ ჯგუფში პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხზე მსჯელობა იყო, მათ შორის ელჩების დანიშვნის თემაზეც, მოსამართლეების წარდგენაზეც და ა.შ.
"ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე და ამ უფლების შეკვეცაზე არ მსმენია, ასევე ვეტოს თემაზე დისკუსიას არ დავსწრებივარ. რაც შეეხება ელჩების დანიშვნის უფლებას, ამაზე დისკუსია იყო. არიან კომისიის წევრები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტს ქმედითი, აღმასრულებელი უფლებები არ უნდა ჰქონდეს," - გვითხრა კონსტიტუციონალისტმა და ჩვენს შეკითხვაზე, კომისიის რომელი წევრები ფიქრობენ ასე - არასამთავრობო სექტორი თუ უმრავლესობის წარმომადგენლები, გვპასუხობს:
"არა, ასე კომისის წევრების ერთ ნაწილს მიაჩნია. ჯერჯერობით რთულია განსაზღვრო, უმრავლესობა რაზე ფორმირდება, რადგან, ჯერ ერთი, ეს სამუშაო პროცესია და მეორეც, იქ ყველა ასეთ პოზიციას არ გამოხატავს. თითოეულ საკითხთან დაკავშირებით 4-5 ადამიანი საუბრობს, ამიტომ ძალიან ძნელია, ზოგადი შთაბეჭდილება გითხრათ. თუმცა, ეს თემა დღის წესრიგში დადგა, მაგრამ აზრთა შეჯერება, თითქმის არცერთ საკითხზე არ მომხდარა, ეს უფრო მეორე რაუნდის შეხვედრისას იქნება," - გვითხრა ვახუშტი მენაბდემ.
კიდევ ერთი კომისიის წევრისა და კონსტიტუციონალისტის ავთანდილ დემეტრაშვილის ცნობით, შესაძლოა კონტრასიგნაციის საკითხი სხვანაირად გადაწყდეს. მისი თქმით, დღეს არსებული რედაქციით პრეზიდენტის აქტების მხოლოდ ნაწილი ექვემდებარება კონტრასიგნაციას, ანუ მთავრობის და უფრო კონკრეტულად პრემიერ-მინისტრის ხელმოწერას.
კონსტიტუციონალისტის თქმით, ახლა ამას სხვანაირი რედაქციით აკეთებენ, კერძოდ, ყველა აქტი, რომელსაც პრეზიდენტი გამოსცემს, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას უნდა დაექვემდებაროს.
"ასეთი წინადადება შემოსული ნამდვილად არის, თუმცა ის, რაც კლასიკური სახელმწიფოს მეთაურის პრეროგატივაა, მას არ ეხება. მაგალითად, არჩევნების დანიშვნას, პრემიერ-მინისტრის წარდგენას და ა.შ. ასეთ რაღაცებს არ ეხება, მაგრამ რაღაც ნაწილს ეხება.
"კონკრეტულად რას შეეხება ეს, ზუსტად ვერ გეტყვით. რაც შეეხება ელჩების დანიშვნის უფლებამოსილებას, ამის შესახებ არ მომისმენია, რადგან ჯგუფები თემატურადაა დაყოფილი, მაგრამ ვიცი, რომ საუბარი საერთაშორისო ურთიერთობის შემცირებაზეა. მაგალითად, იმაზე, რომ პრეზიდენტს დამოუკიდებლად საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების უფლება არ უნდა ჰქონდეს, რომ აუცილებელია პრემიერის წინადადება ან კონტრასიგნაცია," - ამბობს დემეტრაშვილი და იქვე კონტრასიგნაციის მნიშვნელობასაც განმარტავს.
"კონტრასიგნაცია მხოლოდ ფორმალურ ხელმოწერას არ გულისხმობს, ის ნიშნავს პასუხისმგებლობასაც. ანუ, პასუხს აგებს ის, ვინც ხელს აწერს. გარდა ამისა, ინიციატივაც შესაძლოა მისგან მოდიოდეს. ისმის კითხვა - მაშინ პრეზიდენტი რა საჭიროა? ეს საკითხი დავსი და ვთქვი, რომ მოდით, 1921 წლის კონსტიტუციას დავუბრუნდეთ და სახელმწიფოს მეთაური აღარ გვინდა-მეთქი," - ამბობს იგი.
დემეტრაშვილის თქმით, სხვა უფლებამოსილების შეკვეცის საკითხებზე მას არ სმენია და ამიტომ ამბობს, რომ სჯობს, მომდევნო სხდომებს დაველოდოთ, რადგან ეს საკითხებიც მათ შორის ჯერჯერობით მხოლოდ კონცეფციის დონეზეა.
"მეორე ეტაპზე კი უკვე კონკრეტული ცვლილება, ანუ მუხლების რედაქცია იქნება შემოტანილი, ამის შემდეგ საუბარი შესაძლებელია. მომავალ კვირას კომისიის სხდომა პარლამენტში იქნება, თვის ბოლოს კი მეორე მოსმენაი უნდა დასრულდეს," - ამბობს ავთანდილ დემეტრაშვილი.
შეეზღუდება თუ არა პრეზიდენტს ელჩების დანიშვნის უფლებამოსილება, ამ კითხვით საკონსტიტუციო კომისიის წევრსა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს, მამუკა მდინარაძესაც მივმართეთ, რომელმაც განგვიცხადა, რომ ის ამ თემაზე საქმის კურსში არაა. ამასთან, გვითხრა, რომ გუშინდელ კომისიის სხდომას არ დასწრებია და შესაბამისად, დამატებითი ცნობები არ აქვს.
"კომისიაში ოთხი სხვადასხვა ჯგუფი მუშაობს და შესაბამისად, ყველას ვერ ვესწრები. ჩემს ჯგუფში პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცის საკითხზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ აზრი. ჩვენ ვყალიბდებით, რომ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა. შესაბამისად, საბოლოო ჯამში გვსურს, რომ ეს იყოს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი. ბუნებრივია, პრეზიდენტის უფლებამოსილების გარკვეული საკითხები გადაიხედება.
"მიზანი ნამდვილად არ არის, რომ კონკრეტული ადამიანის უფლებამოსილები გაიზარდოს ან შეიკვეცოს, რადგან ეს არ გახლავთ ერთ ადამიანზე მორგებული ცვლილებები. აქ საუბარია მომავალში რა გვსურს, როგორი ქვეყანა უნდა ავაშენოთ და რა როლი უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს ასეთ შემთხვევაში," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას მამუკა მდინარაძე.