ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის მარიონეტული ხელისუფლების მიერ გაცემული პასპორტები აღიარა. შესაბამის განკარგულებას კრემლის ლიდერმა ხელი 18 თებერვალს მოაწერა.
პუტინის განკარგულებით, რუსეთი აღიარებს ყველა სახის დოკუმენტს, რომელიც უკრაინის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქის ზოგიერთ რაიონებშია გაცემული.
რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ გადაწყვეტილებას ჰუმანიტარული მიზნებით ხსნის. დოკუმენტი ხელმოწერის მომენტიდან ამოქმედდა. განკარგულების თანახმად, ზომები დროებითია და აღნიშნულ რეგიონებში სიტუაციის პოლიტიკურ დარეგულირებამდე იმოქმედებს.
რუსული მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ განკარგულება ძალაში მინსკის შეთანხმებების სრულ შესრულებამდე იქნება.
რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსკოვი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.პეტრო პოროშენკოს განცხადებას, რუსული „Интерфакс"-ი ავრცელებს. პრეზიდენტის თქმით, მან რუსეთის ამ ნაბიჯის შესახებ ინფორმაცია, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს მიაწოდა.