"ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით ატეხილმა სკანდალმა საპატრიარქოში არსებული შიდა დაპირისპირება სააშკარეაოზე გამოიტანა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირები უკვე ღიად უყენებენ ერთმანეთს საკმაოდ მძიმე ბრალდებებს.
"დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან ერთად ძალიან მძიმე იყო მეორე საკითხი, რომელიც უკავშირდება ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებას ზოგიერთ მაღალ საეკლესიო იერარქსა და მდივან-რეფერენტთან დაკავშირებით", - ამის შესახებ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მეუფე პეტრეს განცხადებებმა დიდი წუხილი და შფოთი გამოიწვია საზოგადოებაში, თუმცა შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, რადგანაც "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით არანაირი დაპირისპირება არ არის".
მამა გიორგი ზვიადაძის განმარტებით, მეუფე პეტრეს საჯაროდ საუბრის ნაცვლად, საკითხი განსახილველად სინოდის სხდომაზე უნდა გაეტანა.
"უცბად ჩვენ ყველანი მომსწრე ვართ, რომ ხდება საჯარო სივრცეში განცხადების გაკეთება, რამაც ადამიანებს კითხვები გაუჩინა, თუ ვინ მართავს საქართველოს ეკლესიას. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მართავს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. პატრიარქს აქვს ნების სიმტკიცე და როდესაც საქმე ეხება საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი სამშობლოს ინტერესებს, მას აქვს უაღრესი სიმკაცრე და პატრიარქი არასდროს დაუშვებს იმას, რომ ეკლესიაში მოვლენები არასწორად განვითარდეს.
"რა ამოძრავებს მეუფე პეტრეს, არ ვიცი. ვფიქრობ, კათოლიკოს-პატრიარქი როცა საქართველოში ჩამობრძანდება, შესაძლოა, გაიმართოს წმინდა სინოდის სხდომა. შესაძლოა, მღვდელმთავრებს ჰქონდეთ ერთმანეთთან საუბრის საშუალება", - განაცხადა პროტოპრესვიტერმა.
განსხვავებულ პოზიციებზე მყოფი სასულიერო იერარქებისაგან რომელი მხარის არგუმენტებია თქვენთვის უფრო დამაჯარებელი? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი): "დაპირისპირებული მხარეების პოზიციებში ასე კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ პრობლემები რომ არსებობს, ფაქტია და ისიც ცხადია, რომ მეორე მხრივ, ხელისუფლებამ "მოდელირებული ქრონიკა-2" შემოგვთავაზა.
"ჯერ გაცხადდა, რომ პატრიარქის მკვლელობის მცდელობა იყო, ეს ყველაფერი აშკარად იკითხებოდა მათ განცხადებებში. შემდეგ საუბარი იყო, რომ ეს სხვა ადამიანს ეხებოდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მართლაც სერიოზული პრობლემებია ეკლესიაში და ხელისუფლება ცდილობს, ამ ორი მხარის დაპირისპირების ინსპირირებით ეკლესია დაასუსტოს და მის საქმეებში ჩაერიოს."
ირმა სოხაძე (მომღერალი): "გადაჭრით ვერცერთს ვერ მივემხრობი. გამოძიება თავად ვერაფერს ამბობს. მე ის ვიცი, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის უფლება არავის აქვს და ასე ხელაღებით ამ კაცის დამნაშავედ გამოცხადება არასწორია. როგორ დავიჯერო, რომ ის პოტენციური მკვლელია, როდესაც ამის თავად პატრიარქს არ სჯერა?!
"ახლა ვის აწყობდა, მიმართულია თუ არა საპატრიარქოს წინააღმდეგ, არ ვიცი, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ 20 წლის წინ, როდესაც რამდენიმე მღვდელი მოკვეთეს და ეკლესიიდან იმის გამო გააძევეს, რომ თქვეს, მგონი კორუფციის ნიშნებიაო, აი, მაშინვე რომ გამოაშკარავებულიყო ყველაფერი, შეიძლება ასეთ კოლაფსამდე არ მისულიყო საქმე და რაც ამ დღეებში ვინერვიულეთ, თავიდან აგვეცილებინა. ყოველთვის თქმა სჯობს არათქმას."
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება): "ჩემი გადმოსახედიდან ასე ჩანს, რომ ადამიანი, რომელიც ჯერ დაადანაშაულეს მკვლელობის მცდელობისთვის, შემდეგ მოუხსნეს ეს ბრალდება და ახლა ცდილობენ ბრალი სხვა დანაშაულისთვის წაუყენონ, ალბათ უფრო განტევების ვაცად გამოიყვანეს. ეკლესიაში კორუფციული სქემები რამდენად არის, არ ვიცი, რადგან ყველაფერი დაფარულია, მაგრამ თუკი ამ ყველაფერს სინათლეზე გამოიტანენ და ვნახავთ, რომ ასე არ არის, ყველა დამშვიდდება."
ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე): "მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი ეკლესიაში განხეთქილებას ემსახურება, ეს ერთი და მეორე - ვერაფრით დავიჯერებ, რომ ეს დეკანოზი რაიმე კორუფციულშია გარეული. მისი გარეგნობა და დახასიათება პატრიარქის მიერ არაფრით იმსახურებს უნდობლობას. გამოდის, რომ ჩვენ არც პატრიარქის არ გვჯერა?!"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე