ეკატერინე ბასილაია
20.02.2017

 დღეს კათოლიკოს-პატრიარქი ილია || საქართველოში ჩამოდის და "ციანიდის საქმისა" და საპატრიარქოში არსებული დაპირისპირების ირგვლივ შეიძლება ბევრი ახალი რამ გავიგოთ. ერთი, რომ, პროკურატურის განცხადებით, პატრიარქის ჩამოსვლისთანავე მტკიცებულებების გამოქვეყნებას აპირებს და მოლოდინია, რომ ილია || უფრო მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს ამ საქმეზე და მეორე, ასევე გამოჩნდება საპატრიარქოში არსებული კორუფციის შესახებ რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიის მეთაურს - გაჩუმებით ამ სკანდალის ჩაცხრობას ეცდება, თუ დათანხმდება შეიქმნას ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს აუდიტს.

თეოლოგები აცხადებენ, რომ როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი საჯაროდ ძალიან ბევრ ბრალდებას აჟღერებს, მათ შორის კორუფციულ ინტერესებზეც, საეკლესიო კანონით ის აუცილებლად უნდა გამოიძიონ, დამნაშავეები უნდა გამოავლინონ და ისინი ეკლესიიდან უნდა მოიკვეთონ. თუმცა, ამბობენ იმასაც, რომ საქართველოს ეკლესია ხშირად არ ითვალისწინებს საეკლესიო კანონებს და ამდენად, დიდი იმედიც არ აქვთ, რომ ფულის მოყვარე და დამნაშავე სასულიერო პირების მხილება-დასჯა მოხდება.

რა ხდება "ციანიდის საქმეზე"

შაბათს, გვიან ღამით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა და ამ ფაქტს ორშაბათს გამოაცხადებდნენ, თუმცა, პროკურატურამ მალევე გაავრცელა ოფიციალური პასუხი, რომ ეს არის სიცრუე.

მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დუმილის დარღვევას აპირებს და ჩაფიძის სახელობის კლინიკიდან გაწერის შემდეგ, სადაც ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობს, პროკურატურას ჩვენებასაც მისცემს. თუმცა მისი პოზიციის საზოგადოებისთვის გაცნობა მოხდება თუ არა, ეს ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რადგან ერთი კვირაა, ადვოკატი გიორგი ფანცულაია პროკურატურისგან ითხოვს, რომ გაუთქმელობის ხელწერილი გაუქმდეს და მათ ბრალდებებზე პასუხის გაცემის უფლება მიეცეთ.

გაუთქმელობის ხელწერილის გაუქმებაზე თანხმობის ნაცვლად კი მთავარი პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე აანონსებს იმას, რომ პატრიარქის ჩამოსვლისთანავე ისინი მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებსა და ვრცელ ინფორმაციას გამოაქვეყნებენ, რაც გაუთქმელობის ხელწერილის პირობებში გიორგი მამალაძეს უთანასწორო პირობებში ამყოფებს.

გარდა ამისა, ვასაძე ამბობს, რომ მოწმე ირაკლი მამალაძის ფარულ ჩანაწერში საუბარია ბევრ თემაზე, მათ შორის პატრიარქზეც და ერთმნიშვნელოვნად რაიმეს დადასტურება უჭირს, თუ ვისი მკვლელობა იგეგმებოდა. გამოძიებამ კი დაადგინა, რომ მართლაც იგეგმებოდა მკვლელობა - ერთი პირის, ან რამდენიმესი. ერთი პირი კი იდენტიფიცირებულია.

ამ განცხადებით პროკურატურამ უკვე მესამედ შეასწორა საკუთარი პოზიცია. პირველად ითქვა, რომ "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის" ციანიდთ მკვლელობას გეგმავდა დეკანოზი გიორგი მამალაძე და პრემიერმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ეს პატრიარქს დაუკავშირა, რაზეც რამდენიმე დღე მიდიოდა მსჯელობა და რის გამოც სასულიერო პირებს შორის დიდი დაპირისკრებაც კი დაიწყო. შემდეგ პროკურატურამ თქვა, რომ "ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადებაზეა ბრალდება წაყენებული, ახლა კი უკვე "რამდენიმე პირზე" საუბრობს და პროკურატურის ამგვარი განცხადებები საზოგადოებაში დღითიდღე მეტ კითხვებს აჩენს.

ბრალდების მთავარი მოწმე ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე დღესაც ამტკიცებს, რომ სწორედ პატრიარქის მკვლელობის დაგეგმვაზე იყო ლაპარაკი, გაუთქმელობის ხელწერილის გამო კი დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

გაუთქმელობის ხელწერილის გამო ასევე არ საუბრობს მამა გიორგი მამალაძის ადვოკატიც, თუმცა, ცნობილი მაინც გახდა ის, რომ, დეკანოზ მამალაძის თქმით, ის პატრიარქის წინააღმდეგ არაფერს გეგმავდა და პროკურატურის უმეტესი მტკიცებების მიმართ აბსოლუტურად საწინააღმდეგო პოზიციები აქვს.

კითხვები ადვოკატის მიმართაცაა, მაგალითად ის, თუ რატომ არ გაახმაურა ადვოკატმა დაკავების დღესვე, 10 თებერვალს ეს საქმე და მხოლოდ 13-ში პროკურატურის ბრიფინგით გახდა ცნობილი.

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ფაქტის 3 დღით "დამალვა" შაბათს ახსნა იმით, რომ პატრიარქის ოპერაციამდე არ სურდათ ამ საქმის გახმაურება და ამით უწმინდესზე იზრუნეს. თან, იმედის გამოთქვამს, რომ პატრიარქს საქართველოში ჩამოსვლისა და მასალების გაცნობის შემდეგ ამ საქმეზე "შესაბამისი პოზიცია ექნება".

ჯერჯერობით, პატრიარქის ერთი განცხადებაა გავრცელებული, სადაც ის ამბობს, რომ სრულიად უცნაური დ არანორმალური ვითარება შეიქმნა და როცა ჩამოვა ყველაფერი დალაგდება, რომ გიორგი მამალაძეს იცნობს და მხოლოდ კარგი სმენია და ახლა უკვირს, რატომ ლაპარაკობს ის "ხან ერთს, ხან - მეორეს. ვისი დავალებით ხდება ეს?"

კონკრეტულად რაში შეაქვს ეჭვი პატრიარქს, უცნობია და ალბათ ეს ორშაბათს, მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გაირკვევა.

თუმცა, პროკურატურის მიმართ პრეტენზიები აქვს სახალხო დამცველს, რომელიც ამბობს, რომ "ცალ კარში თამაში მიმდინარეობს" და პროკურატურამ ადვოკატსაც უნდა მისცეს საქმეზე საუბრის უფლება.

დიდი კორუფციული სკანდალი საპატრიარქოში

კათოლოკოს-პატრიარქის მკვლელობის დაგეგმვაზე გაკეთებული აქცენტის გამო საპატრიარქოში დიდი დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები დაიწყო. ჯერ "რუსთავი 2"-მა გაავრცელა სკანდალური წერილი, სადაც საპატრიარქოში არსებულ დიდ კორუფციულ სქემებზე იყო საუბარი. ტელეკომპანიის თქმით, ეს იყო მამა გიორგი მამალაძის მიერ პატრიარქისადმი მიწერილი წერილი და საუბარი იყო იმაზე, რომ კორუფციის კვალი ეკლესიის მაღალ იერარქებთან და ასევე ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან მიდიოდა.

ნახსენები იყო ასევე ეპისკოპოსი იაკობის კავშირიც ფინანსურ დარღვევებთან და მისი მხრიდან ამ დარღვევების დამალვის კატეგორიულ მოთხოვნაც.

წერილის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. გიორგი მამალაძე საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილეა და მას ფინანსურ საქმეებთან შემხებლობაც ჰქონდა. მამალაძეზე დაყრდნობით ადვოკატი გიორგი ფანცულაია კი ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის წერილი დეკანოზს დაწერილი აქვს, მაგრამ რადგან კონკრეტულად ეს წერილი არ უნახავს, ვერაფერს იტყვის მისი დაწერილია თუ არა.

ამის შემდეგ მიტროპოლიტი პეტრე ცაავა გამოდის და აცხადებს, რომ ეკლესიაში დიდი კორუფციაა, მასში ჩართულია პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, რომლის დავალებასაც უსიტყვოდ ასრულებენ რამდენიმე სასულიერო პირი, რომლებსაც "ოქროს თევზებს" უწოდებს და ესენი არიან, პირველ რიგში "ქორეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე), რომელიც ფინანსურ საკითხებში ყველაზე მეტად არის ჩართული, პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე) და სამწუხაროდ, ქორეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი)".

ამ ბრალდების საპასუხოდ გერმანიაში პატრიარქთან მყოფმა მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ ეს არის ზღაპრები და "სირცხვილია თემის გადაფარვა იმითი, რომ თურმე მეუფეს რაღაც მილიონებთან ჰქონია კავშირი, არასერიოზულად მიმაჩნია. თემა რა უფრო მნიშვნელოვანია - უწმინდესის უსაფრთხოება, თუ ვიღაც მეუფე, თუნდაც ქურდი მეუფე?"

ის ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს მოუწოდებს, საკუთარი პრეტენზიების შესახებ სათქმელი მას პირში უთხრას.

მამა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ თბილისში ჩამოსვლისას "ჩაებმევიან გარკვევაში" და თუ ვინმე რამეს აშავებდა, "შეიძლება საქართველოში ცხოვრება აუკრძალონ და გაყარონ საზღვარგარეთ".

ამ ორი მაღალიერარქის გარდა დაპირისპრებაში სხვა სასულიერო პირებიც ჩაერთვნენ, ნაწილი მეუფე პეტრეს მხარდასაჭერად, ნაწილი - მეუფე იაკობის.

საეკლესიო სამართლით, მხილება აუცილებლად უნდა მოხდეს

თეოლოგები აცხადებენ, რომ როდესაც მაღალი იერარქი კორუფციასა და სხვა დანაშაულებებზე საუბრობს საჯაროდ, ამ ბრალდებებზე ეკლესიის წიაღში გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს და დამნაშავეებმა პასუხის უნდა აგონ. მათ საეკლესიო ხარისხი უნდა ჩამოერთვათ - ამას ითხოვს საეკლესიო სამართალი.

თეოლოგ ლევან აბაშიძის თქმით, საეკლესიო სამართალი არსებობს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ის არ სრულდება და დიდი მოლოდინიც არ აქვს, რომ კორუფციაში ჩართული სასულიერო პირები ეკლესიიდან გაირიცხებიან.

"ადამიანი, რომელიც ფულს მოიპარავს, ეს საეროშიც დანაშაულია და საეკლესიოში მით უმეტეს. ეკლესიის ფული გაჭირვებაში მყოფ მოყვასს უნდა მოხმარდეს და ამ ფულს მოპარვა უდიდესი ცოდვაა.

"პატრიარქის სტრატეგიაა დაზავება და გაჩუმება, მაგრამ არის ზღვარი, რომლის შემდეგ მიჩუმათება შეუძლებელია. ამას რაღაც უნდა მოჰყვეს, მაგრამ ზუსტად ვერ ვიტყვით, რა მოხდება. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ან ჩაიფარცხება, ან ბრალდებული მხარე ბოდიშს მოიხდის - შემეშალაო.

"39 წელია, რაც ჩვენი პატრიარქია და არ ყოფილა შემთხვევა, ეპისკოპოსი გამოსულიყოს საჯარო ბრალდებით. სკანდალები კი ადრეც იყო, მაგალითად, 70-იან წლებში ნახევარი სინოდი დაითხოვეს და დაიჭირეს მამათმავლობის ბრალდებით და მაშინაც საუბარი იყო - ვაპატიოთო. თუმცა, მაშინ სინოდში მხოლოდ 6 ეპისკოპოსი იყო, ახლა კი 47-ია და ბევრად უფრო დიდია სკანდალიც," - ამბობს აბაშიძე.

მისი თქმით, საეკლესიო სამართლით, თუ ეკლესია დაეთანხმება ბრალდებებს, მაშინ სასულიერო პირს საეკლესიო ხარისხი უნდა შეუჩერდეს. თუმცა, შესაძლოა მღვდელი დაიჭირონ და ეკლესია არ დაეთანხმოს ამას, მაშინ სასულიერო პირი თავის პატივში დარჩება.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილის განცხადებით, წესით სამართალდამცველებიც უნდა დაინტერესდნენ იმით, რა ბრალდებებიც სასულიერო პირების მხრიდან ისმის. საეკლესიო სამართლით კი ამ ბრალდებების გამოკვლევა სინოდმაც უნდა მოითხოვოს, სხვა სასულიერო პირებმაც და მრევლმაც. შიდა გამოძიებაზე გადაწყვეტილებას კი წმინდა სინოდი ხმათა უმრავლესობით იღებს.

თეოლოგის თქმით, საეკლესიო სამართლით, თუკი საერო პირს, მაგალითად, მკვლელობის დანაშაული დაუდგინდება, თუნდაც ეს ავტოკატასტროფა იყოს, მას მთელი ცხოვრება ზიარება ეკრძალება, სასულიერო პირი კი სასულიერო პირი აღარ უნდა იყოს. ასევე ეკლესიიდან განკვეთა ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე სასულიერო პირს რაიმე ბრალს დაუმტკიცებენ. თუმცა, ეს რამდენად სრულდება, სხვა საკითხია.

"დღეს ეკლესიაში არ არსებობს სპეციალიზებული სტრუქტურა, საეკლესიო სასამართლო, როგორიც იყო ადრე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქმე არ გამოიძიონ. შეუძლიათ კომისია შეიქმნას და მან შეისწავლოს ბოლო ორი თვის განმავლობაში რა საჯარო ბრალდებებიც ისმის და ასევე შეისწავლონ, მაგალითად, 2004 წელს სემინარიის აკადემიის სტუდენტები რა კორუფციაშიც ამხელდნენ სასულიერო პირებს. თუმცა ამის გამოკვლევის მზაობას ვერ ვხედავ. ბრალდებები გაისმის იმიტომ რომ, ერთმა ჯგუფმა მეორე დაჩაგროს. მიუკერძოებელი ძალა კი ეკლესიაში არ ჩანს," - ამბობს მინდიაშვილი.

მინდიაშვილი მოვლენების განვითარების ორ ვარიანტს განიხილავს. ერთი, რომ დაპირისპირებული ჯგუფები ძალაუფლების მოპოვებისთვის "ომს" გააგრძელებენ და ვინც გაიმარჯვებს, ის ჯგუფი მკაცრად იმოქმედებ, შესაძლოა, რაღაც ნაწილს მოუწიოს ან წოდების ან იერარქიის დატოვება, ან მონასტერში გაუშვან.

ასევე არ გამორიცხავს, რომ პატრიარქი და ხელისუფლება შეეცადონ უკვე ანთებულ კოცონს ნაცარი გადააყარონ და დაპირისპირება საჯარო არ იყოს. თუმცა თვლის, რომ თუკი პატრიარქმა მხარეების შერიგება დაიწყო და არა დამნაშავეების მხილება, ეს საეკლესიო თვალსაზრისით დანაშაულია.

"ისეთი ბრალდებები მოვისმინეთ, რომ ამის დაკონსერვება არ შეიძლება. ის, რომ სიგარეტის, სასმელების და მიწების ბიზნესი აქვთ, მეუფე პეტრემ თქვა, რომ ბორდელები ჰქონდათ, სამების მგალობელთა გუნდის რეგენტმა, სვიმონ ჯანგულაშვილმა დაწერა, რომ პრეზერვატივების ბიზნესიც ჰქონდათ... მეუფე პეტრემ თქვა, რომ ეს არის მხოლოდ ნახევარიო, ეს მეუფე პეტრეს პერსპექტივიდან, ანუ მეორე ჯგუფის მიმართებით არის ნახევარი და ახლა აქეთა ჯგუფისკენ რამდენი ამგვარი დანაშაული იქნება?

"არაფერს ვლაპარაკობ იმაზე, რომ რუსეთის აგენტობაში, გამსახურდიას ხელისუფლების დამხობასა და მკვლელობებში ადანაშაულებენ ერთმანეთს. თუ ეს ყველაფერი შერიგებით დასრულდება, ესეც დანაშაულია და ამ ყველაფერზე კათოლიკოს-პატრიარქი იქნება პასუხისმგებელი," - ამბობს მინდიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×