რეზონანსი
20.02.2017

 სააპელაციო სასამართლომ „თელასის" ფინანსური დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულები უდანაშაულოდ ცნო. გიორგი გვიჩიანი და ნიკა ჩემია სასჯელს 15 წლის წინ მომხდარი მკვლელობისთვის იხდიდნენ. პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა და მათ სასამართლო დარბაზი უკვე დატოვეს.

გიორგი გვიჩიანის ადვოკატების განცხადებით, პროკურატურის მტკიცებულებებში იკვეთება რამდენიმე პირი, ვისაც შეიძლება ბრალი ნიკა ჩემიას და გია გვიჩიანის ნაცვლად წაუყენონ.

კომპანია „თელასის" ფინანსური მენეჯერი ნიკა ლომინაძე, 2002 წელს, თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოთხი წლის შემდეგ საქმეზე გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია დააკავეს. გვიჩიანი "თელასში" ექსპერტად მუშაობდა.

გია გვიჩიანი აცხადებს, რომ მზად არის ნებისმიერ კითხვას უპასუხოს, მათ შორის დაზარალებულის ოჯახის წევრების განცხადებებთან დაკავშირებითაც, რომლებიც აცხადებენ, რომ მის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებები არსებობდა.

„მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიებით და სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, დასრულდა 11 წლიანი უკანონო პატიმრობა, რომლის საფუძველი იყო ენერგეტიკის სექტორში ჩემი საქმიანობა და სააკაშვილის რეჟიმი" , - განაცხადა გვიჩიანმა.

პროკურატურამ ლომინაძის მკვლელობის საქმის გადახედვა გასული წლის ნოემბერში დაიწყო.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×