კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, პატიმრები გათავისუფლებამდე, სპეციალურ დაწესებულებაში მოემზადებიან, რომელიც მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას შეუწყობს ხელს.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა პენიტენციური სისტემის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტს, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა.
დაწესებულება გათავისუფლებისთვის დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავრდებულებს მოამზადებს, რომლებსაც სასჯელის ვადის ამოწურვამდე, მაქსიმუმ 6 თვე აქვთ დარჩენილი.
სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის, ზვიად მიხანაშვილის თქმით, პატიმრებს უფლება ექნებათ დაწესებულება კვირაში 3 დღით დატოვონ, რადგან გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებასთან ინტეგრაცია არ გაუჭირდეთ.
პროექტის თანახმად, მსჯავრდებულს, რომელიც გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში იქნება, უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სწავლის უფლება ექნება.მას ასევე შეეძლება პირადი ტელევიზორი ან რადიომიმღები ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეიძინოს.