იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს განიხილავენ. შეხვედრას არასამთავრობო სექტორი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.
მხარეები აცხადებენ, რომ პრინციპებზე შეთანხმებას მიაღწიეს, უკონტაქტო პატრულირება და 100-ქულიანი სისტემა ამოქმედდება.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი განმარტავს, ქულების ჩამოკლება, მოხდება საპატრულო პოლიციის და არა უკონტაქტო პატრულის ჯარიმის საფუძველზე.
,,ვიდეოჯარიმები ქულათა სისტემას უკავშირდება. თუ ვიდეოჯარიმების გარკვეული რაოდენობა დაგროვდება, მძღოლი სახიფათოდ იქნება შეფასებული, მის შესახებ პატრულს გადაეცემა ინფორმაცია და ეს მძღოლი განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ მოექცევა", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება, დიდი ალბათობით, საგაზაფხული სესიის ფარგლებშივე მოხდება, თუმცა კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს.
„ქულების სისტემით,ის, ვინც საპატრულო პოლიციის მიერ პირადად დაჯარიმდება, დაკარგავს ქულებსაც და 100-ქულიანი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ, მართვის მოწმობა შეუჩერდება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.