მთავარ საგამოძიებო უწყებაში მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.
პროკურატურა განმარტავს,რომ საქმის ხელახალი სრულყოფილი გამოძიებისას, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, რომელთა ჩვენებებიც ლომინაძის მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულების უდანაშაუობას ამტკიცებდა.
„ლომინაძის მკვლელობის საქმის გახსნით დაინტერესებული იყვნენ მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირები, გამოძიებისას ხელოვნურად შეიქმნა მამხილებელი მტკიცებულებები, რაც მკვლელობაში ეჭვმიტანილების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდა. ხელახალი გამოძიებისას გამოვლენილი გარემოებები კი განსხვავებულ სურათზე მიუთითებდა" , - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ „თელასის" ფინანსური დირექტორის მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
„მიმდინარეობს გამოძიება ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის ჩამდენ პირთა დადგენის და დაკავების მიზნით, ასევე ყოფილი მოხელეების მიერ შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე" , - წერია განცხადებაში.