პროკურატურას სურს ჩვენი საქმიდან ხელოვნურად ჩამოშორება, რადგან მათთვის სასურველი ადვოკატები არ ვართ და არ ვასოცირდებით რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ მთავარ პროკურატურაში განაცხადა, სადაც ადვოკატებმა გაუთქმელობის ვალდებულების მოხსნის მოთხოვნასთან დაკავშირებული განცხადება კიდევ ერთხელ შეიტანეს.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე მეექვსე დღეა დაცვის მხარეს პროკურატურისგან პასუხი არ მიუღია გაუთქმელობის ვალდებულების მოხსნასთან დაკავშირებთ, ჩნდება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად ხდება.
"მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროკურატურას სურს დავარღვიოთ გაუთქმელობის პირობა ორი მიზეზის გამო. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ, არცერთი არ ვართ პროკურატურასთან დაახლოებული და მათთვის სასურველი ადვოკატები და მეორე - არცერთი არ ვართ პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული ადვოკატები, რათა მარტივად მოხდეს ჩვენი დისკრედიტაცია.
პროკურატურას სურს საქმიდან ჩვენი ხელოვნურად ჩამოშორება, აქედან გამომდინარე, ხდება ხელოვნურად გაწელვა გაუთქმელობის პირობის ვალდებულების, რომ ჩვენ რამე დავარღვიოთ და ჩამოვშორდეთ საქმეს, რათა შემდეგ მოხდეს მათთვის სასურველი ადვოკატის ან რომელიმე პოლიტიკური პარტიასთან ასოცირებული ადვოკატის დანიშვნა. მივმართავ საქართველოს პროკურატურას - მე ამის უფლებას არ მოგცემთ", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
სურს თუ არა პროკურატურას დეკანოზის ადვოკატების საქმიდან ჩამოშორება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): თუ პროკურატურას აქვს უფლება ადვოკატების საქმიდან ჩამოშორების და ეს მართლა მოხდება, მაშინ ღიად ზეწოლა იქნება. გიორგი ფანცულაიამ საზოგადოების ნდობა დაიმსახურა თავისი პოზიციიდან გამომდინარე და მისი საქმიდან ჩამოშორება პოლიტიკური ნაბიჯი იქნება.
ხელისუფლება მოწინააღმდეგეებს იმრავლებს, საკვირველი სტილია. საზოგადოება მოჭადრაკე გახდა, ყველაფერს 5 სვლით წინ ხედავს და პროკურატურას რატომ ჰგონია, რომ ჩვენ მათზე ბრიყვები ვართ?
გოგი თორაძე რეჟისორი): არ ვიცი, პროკურატურას რამდენად აქვს უფლება მის მიერვე მოწვეული ადვოკატების საქმიდან ჩამოშორების. ალბათ, არსად არ ხდება და შეუძლებელია იმ ადვოკატის საქმიდან ჩამოშორება, რომელიც დაზარალებულმა აირჩია, რადგან იგი არჩეულ ადვოკატს ენდობა და მისი პროფესიონალიზმის სჯერა.
ანა რატიანი (ჟურნალისტი): სრულ სისულელედ მიმაჩნია. ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა, მითუმეტეს, როდესაც იზოლირებული იმყოფება. ვფიქრობ, საკითხის გარშემო აჟიოტაჟს და პანიკას თავად ადვოკატი ქმნის.
წარმოუდგენელია, ასეთი რამ ვინმემ გააკეთოს. აჟიოტაჟის შექმნა მას ყურადღების მიქცევისთვის და საზოგადოებრივი აზრის, ისე როგორც მას სურს, წარსამართად სჭირდება. ეს არის ჩვეულებრივი ხრიკი.
ან თვითონ ადვოკატს არ უნდა საქმეში მონაწილეობა და ასეთი ფორმით ცდილობს დაძვრენას, ან ასეთ ამბავს სპეციალურად ტეხავს.
გრიგოლ გეგელია (ისტორიკოსი): არ ვიცი, ამაზე ვერ გიპასუხებთ. ხთუმცა, საქმეში თავიდანვე ბუნდოვანება და ბევრი კითვის ნიშანი იყო. ამ ფონზე საქმე ზედმეტად გასაიდუმლოებული იყო.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): თქმა ძალიან ძნელია. ამისთვის ამ საქმის ყველა დეტალი უნდა ვიცოდეთ. როდესაც საქმეების შიდა სამზარეულო არ ვიცი, ასევე ვინ ვის არის ამოფარებული, ძნელია პასუხის გაცემა.
ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეკლესიაში ძალიან სერიოზული პრობლემებია, რომელიც სხადასხვა დაჯგუფებებიდან გამომდინარე დაიწყო და ეს პრობლემები ამ წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ეკლესიის მიმართ ჩვენ კიდევ არაერთ სკანდალურ განცხადებას და სირთულეს ვნახავთ, შემდგომ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე