კათოლიკოს-პატრიარქი ილია || გერმანიიდან საქართველოში უკვე დაბრუნდა და მცირე კომენტარიც გააკეთა იმაზე, რომ "ციანიდის საქმეს" ხელისუფლებასთან ერთად შეისწავლიან და სჯერა, რომ "ყველაფერი მშვიდობით დასრულდება".
თავად "ციანიდის საქმეში" კი ახალი ადვოკატი ჩაერთო და განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად, სხვა გვარი არ ფიგურირებს, ხოლო ბარგი, სადაც პროკურატურის მტკიცებით ციანიდი, იყო იქ, სადაც გიორგი მამალაძე იმყოფებოდა, 6 საათისა და 40 წუთის შემდეგ მიიტანეს, რაც ადვოკატის თქმით, გარკვეულ ეჭვებს აჩენს.
ახლად დანიშნული ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ როგორც კი კლინიკაში მამა გიორგი მამალაძე მოინახულა და პირველი განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან, მასთან პროკურატურიდან გამომძიებელი მივიდა და კატეგორიულად მოსთხოვა, გაუთქმელობის ხელწერილი დაეწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობითაც დაემუქრა, მაგრამ მან ხელწერილზე მტკიცე უარი განაცხადა.
რამიშვილი ამბობს, რომ ის საქმის მასალებს არ იცნობს, ლაპარაკში ხელი რომ არ შეეშალოს, შეიძლება არც გამოითხოვოს, ხოლო ბრალდებული რასაც ამბობს, იმაზე საუბრის უფლება სრულად გააჩნია.
"ასეთი მიდგომა აქვთ, რომ თურმე ჰგონიათ, ბრალდებული თავის უდანაშაულობას რომ ამტკიცებს, ჩვენ ადვოკატებს ამაზე საუბარი არ შეგვიძლია. თურმე მხოლოდ იმ ერთ პოზიციას უნდა უსმინოს საზოგადოებამ, რასაც მთავარი პროკურატურა ბრძანებს და ჩვენ ჩუმად უნდა ვიყოთ. თუ ჩუმად ვიქნებით, მაშინ სიმართლე არასდროს დამტკიცდება... ჩემს ხელწერილსაც ითხოვდნენ, რასაც ვერ მიიღებენ", - აცხადებს "რეზონანსთან" რამიშვილი.
პატრიარქი და მისი დელეგაცია თბილისში გუშინ საღამოს 6 საათზე ჩამოფრინდა სპეციალური რეისით. ილია ||-ს აეროპორტში სასულიერო პირები და მრევლი დახვდა. ეკლესიის მეთაურმა აეროპორტშივე ძალიან მოკლე კომენტარი გააკეთა "ციანიდის საქმეზე". განაცხადა მხოლოდ ის, რომ ამ საკითხებს ხელისუფლებასთან ერთად შეისწავლიან და შემდეგ "გამოიტანენ დასკვნას". ასევე სჯერა, რომ "ყველაფერი მშვიდობით დასრულდება".
"სამწუხარო ის არის, რომ აქ არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა. ჩვენ ვფიქრობთ შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოვიტანთ დასკვნას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით და კარგად დამთავრდება. დალოცვილი იყავით. გაიხარეთ", - განაცხადა უწმინდესმა აეროპორტის დატოვებამდე, რის შემდეგაც ჯერ სამების ტაძარში და შემდეგ საპატრიარქოში წაბრძანდა.
პატრიარქს შეხვდნენ პრეზიდენტი და სახალხო დამცველი. შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი მარგველაშვილმა კომენტარი არ გააკეთა. უჩა ნანუაშვილმა კი თქვა, რომ პატრიარქი მხოლოდ ზოგადად ინფორმირებულია.
"მან აღნიშნა, რომ უნდა გაკეთდეს ყველაფერი, ტემპერატურამ დაიწიოს და საზოგადოება დაწყნარდეს, გაერკვეს, თუ რა მოხდა სინამდვილეში", - განაცხადა ომბუდსმენმა.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მხრიდან "ციანიდის საქმის" გარკვეული მასალები საპატრიარქოს უკვე გადაცემული აქვს და ასევე ოფიციალურად გაცხადდა ისიც, რომ პატრიარქის ჩამოსვლის შემდეგ მალევე კიდევ ბევრ სხვა მტკიცებულებას გაასაჯაროვებს ბრალდების მხარე.
დაცვის მხარესაც იმედი აქვს, რომ პროკურატურის ეს "ცალ კარში თამაში" დასრულდება და მათაც მიეცემათ ბრალდებებზე პასუხის გაცემის უფლება - საჯაროდაც და პატრიარქთანაც.
რომელი მხარის განცხადებებია სიმართლე, ეს გამოძიებამ უნდა დაადგონოს. თუმცა ერთი კვირაა საზოგადოება მხოლოდ პროკურატურის და ბრალდების მოწმეების განცხადებებს ისმენს და დაკავებულის ადვოკატები ვერ პასუხობენ კითხვას, კონკრეტულ კითხვებზე რა პოზიცია აქვს დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რადგან მათ ეს პროკურატურამ აუკრძალა.
ამიტომაც უკვე ერთი კვირაა ადვოკატები და სახალხო დამცველი გაუთქმელობის ხელწერილის გაუქმებას და ბრალდება-დაცვის მხარეების თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვენ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
გუშინ საქმეში ახალი ადვოკატი ჩაერთო, რომელიც აცხადებს, რომ ის პატრიარქის საქმის კურსში ჩაყენების შემდეგ საზოგადოებას ყველა დასმულ კითხვაზე იტყვის დეკანოზის პოზიციებს. ახალი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ის საქმეზე ძველ ადვოკატებთან ერთად იმუშავებს.
მანამდე ხმაურიანი კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან, მას შემდეგ, რაც ჩაფიძის სახელობის კლინიკაში საქმის მთავარი ფიგურანტი, მამა გიორგი მამალაძე მოინახულა.
"საბრალდებო დოკუმენტში მითითებულია შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობა... ასევე, როდესაც განხორციელდა მამა გიორგის დაკავება, მისი ბარგი 6 საათისა და 40 წუთის შემდეგ მიიტანეს", - განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.
ის ამბობს, რომ საქართველოს გადასარჩენი არაფერი სჭირდა.
"ვისაუბრეთ ყველა დეტალზე და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს არანაირი საშიშროება არ ემუქრებოდა, საქართველოში არანაირი უბედურება არ გვეწეოდა. არც გერმანიაში... ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსია და თუ მამა გიორგი თავს იკავებს სრულყოფილად ჩვენების მიცემაზე, ითვალისწინებს გარკვეულ პირობებს, მიანიშნებს იმაზე, რომ ყველამ რაც კი შეცდომა დაუშვა, თვითონ უნდა გამოასწოროს", - განაცხადა რამიშვილმა.
მამალაძის დაცვის მხარე მოითხოვს, რომ დაკონკრეტდეს, რას ედავება სახელმწიფო ბრალდება დეკანოზს, რათა ამ თემაზე სპეკულაციები და ბუნდოვანება ამოიწუროს.
"პროკურატურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მათ არ იციან, საუბარია ერთ პირზე, ორზე თუ სამზე. მინდა გითხრათ, რომ ბრალდებაში საუბარია მხოლოდ ერთ პირზე, რომელიც სასულიერო პირი არ გახლავთ და ჩვენ მოვითხოვთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაკონკრეტდეს, თუ ვისზეა საუბარი და ამ თემაზე სპეკულაციები და ბუნდოვანება ამოიწუროს", - განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა მაია ზოიძემ.
ზოიძე ასევე ამბობს იმას, რომ საქმეში მტკიცებულების სახით აღმოჩენილ "ნატრიუმის ციანიდზე" არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა და საუბარია იმაზე, რომ ის იმდენად მცირე დოზისაა, მხოლოდ ერთი ადამიანის მოსაწამლადაა საკმარისი, ამიტომაც პროკურატურისგან ორ და სამ შესაძლო მსხვერპლზე გაკეთებულ განცხადებებს აბსურდს უწოდებს.
საგულისხმოა ის, რომ პროკურატურისა და ბრალდების მოწმეები ახალ დეტალებზე საუბარს ისევ აგრძელებენ და მათ შორის მთავარი პროკურატურა ერთზე მეტი სავარაუდო მსხვერპლის შესაძლებლობაზეც საუბრობს.
მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე მამუკა ვასაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა არა მხოლოდ ერთი პირის მოწამვლა იგეგმებოდა, არამედ მეტის, შეიძლება ორის თუ სამის.
ამით პროკურატურამ მესამედ შეასწორა პოზიცია, რადგან 13 თებერვალს ითქვა, რომ "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის" მოწამვლა იგეგმებოდა, შემდეგ ეს სამ დღეში შესწორდა და ითქვა, რომ "ერთ-ერთი პირზე" იყო საუბარი და ახლა ვარაუდი არის უფრო მეტზე, ვიდრე ერთ-ერთი პირია.
გარდა ამისა, მთავარი პროკურორის მეორე მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი ამბობს, რომ დეკანოზის ბარგში აღმოჩენილი ციანიდი საკმარისია რამდენიმე ადამიანის მოსაწამლად.
ბრალდების მთავარი მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, რომელმაც განახორციელა დეკანოზის ფარული ჩაწერა, დღესაც ამტკიცებს, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა. ასევე ის ამბობს, რომ დაკავებულ დეკანოზთან მას ხანგრძლივი ნაცნობობა აკავშირებდა და დეკანოზი ციანიდის შოვნის სანაცვლოდ საპატრიარქოში გარკვეულ თანამდებობასაც სთავაზობდა.
"საუბარი შედგა იმ დილით, როდესაც პატრიარქი წაიყვანეს გერმანიაში და ის (გიორგი მამალაძე) დაჟინებით ითხოვდა, რომ წასვლამდე ესაჭიროებოდა ეს ნივთიერება, რადგან ის გერმანიაში უწმინდესთან მიდიოდა. რაც შეეხება დასაქმების ფაქტს, ვადასტურებ, რომ ასეთი შეთავაზება მართლაც იყო", - ამბობს მოწმე ირაკლი მამალაძე.