დეკანოზი გიორგი მამალაძე გამოძიებისთვის ჩვენების მიცემამდე, პატრიარქთან ან სინოდის წევრებთან შეხვედრას ითხოვს - განცხადება ცოტა ხნის წინ ჩაფიძის კლინიკიდან გამოსულმა დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, დეკანოზს სურს, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს იმ ჩვენების შესახებ ესაუბროს, რომლის მიცემასაც გამოძიებისთვის აპირებს.
"გუშინ გაცხადდა, რომ მამა გიორგი დუმილს არღვევს და ის მზად არის ჩვენება მისცეს სრულყოფილად. მამა გიორგი დიდი თხოვნით მიმართავს პატრიარქს, რომ თუ იქნება შესაძლებლობა მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, სანამ გამოძიებას მისცემს ჩვენებას, ეს ყველაფერი უთხრას პატრიარქს. თუ პატრიარქი ვერ შეძლებს, ის ელოდება წმინდა სინოდიდან სასულიერო პირებს, რომ მოვიდნენ და დეტალურად მოუყვეს, რასთან არის რეალურად საქმე. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ გუშინდელ საუბარს ნანა კაკაბაძის მხრიდან, უპრიანი იქნება თუ იქნება მამა პეტრე. დიდი იმედი გვაქვს, რომ საპატრიარქოდან იქნება ადეკვატური პასუხი. ის არის სასულიერო პირი და სურვილი აქვს, პირველ რიგში, ინფორმაცია მიაწოდოს საპატრიარქოს."
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა ჩაფიძის კლინიკა უკვე დატოვეს. თავად მამა გიორგი კი მკურნალობას კვლავ კლინიკაში განაგრძობს.