რეზონანსი
22.02.2017

 საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ივანე მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა ივანე მერაბიშვილის მიმართ მის მიერ გაცხადებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

„საქმე შეეხება, 2013 წლის 17 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ივანე მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ 2013 წლის 13-14 დეკემბრის ღამეს, დაახლოებით 01:30 საათზე, იგი გამოიყვანეს №9 პენიტენციური დაწესებულებიდან და მიიყვანეს სავარაუდოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც მასზე მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ განახორციელა ფსიქოლოგიური ზეწოლა.

ივანე მერაბიშვილის ზემოაღნიშნული განცხადების ირგვლივ, 2013 წლის 20 დეკემბერს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, რომელიც 2014 წლის 14 იანვარს დასრულდა. სამსახურებრივი შემოწმებით არ დადასტურდა ივანე მერაბიშვილის მიერ გაცხადებული ფაქტი - მისი საკნიდან უკანონო გაყვანასთან დაკავშირებით, რის გამოც აღნიშნულ ფაქტზე არ დაიწყო გამოძიება,"-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მათივე თქმით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №9 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები ინახებოდა მხოლოდ 24 საათის განმავლობაში. ვინაიდან, ი.მერაბიშვილმა განცხადება გააკეთა მხოლოდ 3 დღის შემდეგ, 2013 წლის 17 დეკემბერს, ვერ მოხერხდა შესაბამისი ვიდეო ჩანაწერების გამოთხოვა და დათვალიერება.

„მნიშვნელოვანია საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ი. მერაბიშვილი 2013 წლის 16 დეკემბერს, ციხეში შეხვდა ადვოკატებს: სტეფანე თუმანიშვილს, გიორგი ჩივიაშვილს, ოთარ კახიძეს და გიორგი ონიანს. მხოლოდ გიორგი ონიანმა მისცა ჩვენება გამოძიებას და განმარტა, რომ ივანე მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით იცის მხოლოდ ის, რაც გავრცელდა ტელევიზიის საშუალებით, მიუხედავად იმისა, რომ იგი 2013 წლის 16 დეკემბერს შეხვდა ი. მერაბიშვილს, ვერ იხსენებს, რომ მასთან ზემოაღნიშნულ ფაქტზე ჰქონოდა საუბარი. რაც შეეხება სტეფანე თუმანიშვილს, გიორგი ჩივიაშვილსა და ოთარ კახიძეს, მათ გამოიყენეს საქართველოს სისხილს სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს გამოძიებისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე, ხოლო ოთარ კახიძემ გამოძიებას დამატებით განუმარტა რომ იგი ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდა."

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×