5-დღიანი მკურნალობის შემდეგ დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის გულის ცენტრიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში უკვე გადაიყვანეს და ახლა მის დაკითხვას ელოდება ყველა, რომ შემდეგ, დაპირებისამებრ, მისმა ადვოკატმა საზოგადოებას მოუყვეს დეტალები, ის, თუ რა ვერსია აქვს დაკავებულ დეკანოზს და ასევე ისიც, საიდან მოხვდა მის სახლში იარაღი, რადგან როგორც ადვოკატი ამტკიცებს, ამ იარაღის ნამდვილი მფლობელის ვინაობის დასახელებისას "ძალიან ნათელი სურათი წარმოიქმნება".
გუშინ დასაკითხად დაიბარეს "ციანიდის საქმის" ადრესატი, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, რომლის მკვლელობის მომზადებასაც ედავებიან გიორგი მამალაძეს.
მისი დაკითხვის გარდა დიდი ინტერესია, დაიკითხა თუ არა, ან როდის დაიკითხება ის ორი სასულიერო პირი, რომლებიც ბრალდების ერთ-ერთი მოწმის, ადვოკატი ირმა ჭკადუას თქმით, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძის მიერ გაკეთებულ ფარულ ჩანაწერში დეკანოზ მამალაძესთან ერთად გეგმავენ სავარაუდო დანაშაულს. "ციანიდის საქმის" დაწყებიდან 12 დღეა გასული და ამ ორ სასულიერო პირზე არაფერი ისმის.
პროკურატურის პრეს-სამსახურში "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ დაიკითხება ყველა, ვისი დაკითხვის საჭიროებაც იქნება გამოძიების პროცესში.
შეკითხვაზე, კონკრეტულად დაიკითხა თუ არა ფარულ ნაწერში მამა გიორგი მამალაძესთან ერთად ფიგურანტი კიდევ ორი სასულიერო პირი და რატომ არ საუბრობს მათზე გამოძიება, პრეს-სამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი პასუხობს, რომ "დამატებით დეტალებზე ვერაფერს ვერ გვეტყვის."
სუხიაშვილი არც გაუთქმელობის ხელწერილის შესაძლო გაუქმებაზე აკეთებს კომენტარს.
"იხელმძღვანელეთ ჩვენ მიერ გავრცელებული განცხადებებიდან. ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გეტყვით... როდესაც გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, მაშინ მოხდება გასაჯაროება," - ამბობს სუხიაშვილი. ამ ორ სასულიერო პირზე პროკურატურა და საპატრიარქო დუმს.
ბრალდების მხარის ორი მოწმე, ადვოკატები ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი კი საპატრიარქოში გუშინაც მივიდნენ, თუმცა არც ერთი არ ლაპარაკობს ამ ვიზიტების დეტალებზე.
ბრალდებული დეკანოზის ადვოკატებით კი საპატრიარქო არ დაინტერესებულა. უფრო მეტიც, მამა გიორგი მამალაძემ გუშინ ითხოვა, ჩვენების მიცემამდე მას პატრიარქთან ან სინოდის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობა მისცემოდა, რომ მათთვის მოეყოლა დეტალურად ყველაფერი, თუმცა საპატრიარქოდან მას უარი უთხრეს.
პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საპატრიარქოში მამალაძის განცხადება არ შესულა და ეს საკითხი არ განიხილება, რადგან, მამალაძის საპატრიარქოში მიყვანა კანონმდებლობით არ შეიძლება, ხოლო მისი უწმინდესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მამა გიორგი მამალაძე მოინახულოს. ხოლო, სინოდის წევრები მას ვერ შეხვდებიან, რადგან სახელმწიფოს თხოვნა იყო, მღვდელმთავრებმა მაქსიმალურად თავი შეიკავონ საპატიმრო დაწესებულებაში მისვლისგან. პატიმრის მონახულებისგან თავის შეკავების მიზეზად კი უსაფრთხოება დასახელდა.
საპატრიარქოდან უარის მოუხედავად დეკანოზი დიდი ალბათობით, ჩვენების მიცემას არ გადაიფიქრებს. მისი უფლებადამცველი აცხადებს, რომ ეს ჩვენება ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. ასევე იმ იარაღზეც, რომელიც დეკანოზს პროკურატურამ სახლში აღმოუჩინა.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ იარაღი, რომელიც მამა გიორგი მამალაძის სახლში აღმოაჩინეს, დეკანოზს არ ეკუთვნოდა და დაკავებული აპირებს, გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა მის სახლში ცეცხლსასროლი იარაღი.
"ჩვენ ის არ დაგვავიწყდეს, რომ მამა გიორგი, ბრალი წაყენებული აქვს არა მარტო ერთი დანაშაულის მცდელობისთვის. იარაღი არ დაგვავიწყდეს, რომ საქმეში ამ შემთხვევაში არის 236-ე მუხლი. აი, ზუსტად როდესაც უკვე ყველასთვის ცნობილი იქნება, თუ რატომ, ვის მიერ და როგორ მოახერხეს, რომ მამა გიორგისთან ეს იარაღი აღმოჩნდა, ეს უკვე ძალიან ნათელ სურათს წარმოაჩენს. როგორ აღმოჩნდა, აი, მაგას უკვე მოახსენებს მამა გიორგი," - აცხადებს რამიშვილი.
ცნობისთვის, საპატრიარქოსთვის ბრალდების მხარის მტკიცებულებები უკვე ცნობილია, სამშაბათს მთავარმა პროკურორმა საქმე პატრიარქს და სინოდის წევრებს გააცნო, თუმცა ეს სკანდალური საქმე საზოგადოებისთვის ისევ ბურუსითაა მოცული და თუკი პროკურატურა და მისი მოწმეები მედიასთან განცხადებებს არ ერიდებოდნენ, პატრიარქთან სამშაბათის დიდი თათბირის შემდეგ საუბარი ბრალდების მხარემ საერთოდ შეწყვიტა და ახლა უფრო ბრალდებულის მხარე აკეთებსმეტნაკლებად განცხადებებს.
პროკურატურის ერთ-ერთი მოწმე ადვოკატი ლილი გელაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ კი გუშინ საპატრიარქოში, იმყოფებოდა, მაგრამ პატრიარქს არ შეხვედრია და რომ პროკურატურას გამოძიება უნდა ვაცალოთ და ვიდრე გამოძიება რაღაც გადაწყვეტილებას არ მიიღებს, თვლის, რომ სჯობს, კომენტარი არ გააკეთოს.
შეკითხვაზე, მასაც აქვს თუ არა მოსმენილი ის ფარული ჩანაწერი, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძის გარდა კიდევ ორი, სავარაუდოდ სასულიერო პირი ფიგურირებს, იკვეთებოდა თუ არა დანაშაულის ნიშნები მათ საუბარში და უნდა დაიკითხოს თუ არა ის ორი პირი, ამბობს, რომ მან არ იცის კონკრეტულად რა ჩანაწერები აქვს პროკურატურას მტკიცებულებების სახით და ამიტომ საუბარი უჭირს.
"მე რა ჩანაწერიც მოვუსმინე, ის ჩანაწერი წარადგინა თუ არა განმცხადებელმა ირაკლი მამალაძემ, არ ვიცი... ეს პირები დაჰკითხეს თუ არა, პასუხი მაქვს, რომ ეს გამოძიების პრეროგატივაა. გამოძიებამ რა საგამოძიებო მოქმედება აწარმოა, ჩვენ როგორც საქმეში რაღაც ეპიზოდის მოწმეებმა არ ვიცით. არც სამართლებრივი უფლება გვაქვს ვიცოდეთ, რა საგამოძიებო მოქმედებები იქნა ჩატარებული. არ მაქვს საფუძველი გამოძიებას უნდობლობა გამოვუცხადო," - აღნიშნავს გელაშვილი.
ირმა ჭკადუას მსგავსად ისიც ადასტურებს, რომ ჩანაწერში, რაც მას ჟურნალისტმა და პროკურატურის მთავარმა მოწმე ირაკლი მამალაძემ მოასმენინა, დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდა და ასევე მარტო დეკანოზი არ საუბრობდა, იყო კიდევ ორი პიროვნება.
ცნობისთვის, ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ მასთან მივიდა ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე და აჩვენა ჩანაწერი, სადაც დეკანოზი გიორგი მამალაძის გარდა ფიგურირებდა კიდევ ორი, სავარაუდოდ სასულიერო პირი და ისინი საუბრობდნენ ისეთ თემაზე, რაც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, რის გამოც მან ჟურნალისტს ურჩია ჩანაწერი პროკურატურისთვის მიეტანა და სწორედ ეს ჩანაწერია "ციანიდის საქმის" ერთ-ერთი მტკიცებულებაც.