საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კონგოში ვერტმფრენის ჩამოგდების და ქართველი მფრინავის დატყვევევების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. უწყების ცნობით, კონგოელმა მეამბოხეებმა საქართველოს ერთი მოქალაქე დაატყვევეს. ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად, საქართველოს მეორე მოქალაქე დაიჭრა, რომელიც სამკურნალოდ აღმოსავლეთ კონგოს ქალაქ გომაშია გადაყვანილი.
„პრეტორიაში საქართველოს საელჩო რეგულარულ კონტაქტზე იმყოფება კონგოს რესპუბლიკის ხელისუფლებასთან. კონგოს მხარის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესაბამისი სტრუქტურების მიერ, საკითხზე გამოძიება გრძელდება " , - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ქართველი მოქალაქეების კონგოში ყოფნის ოფიციალური მიზეზი უცნობია.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზეა კონგოს მთავრობასთან რათა მოხდეს სიტუაციაში დეტალურად გარკვევა და საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლებების დაცვა," - წერია სამინისტროს განცხადებაში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კონგოს სამხედრო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს, ერთ-ერთს საქართველოს მოქალაქე, სოსო ოსურაული მართავდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურე უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაშია.