ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის დეტალების შესახებ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მაია მიმინოშვილის განცხადებით, რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანი იქნება. პირველ ეტაპზე, აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები. ეს პროცესი 23 თებერვლიდან 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
31 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს. საგამოცდო საგნის შეცვლა და გამოცდის დამატება კი 20 მაისამდე შესაძლებელია.საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა და შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ.
მონაწილეობის საფასური ერთი გამოცდისათვის 10 ლარია. აბიტურიენტებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდებზე, www.naec.gov.ge და online.naec.ge -ზე შეუძლიათ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, გამოცდების ჩაბარების მხრივ წელს მნიშვნელოვანი სიახლე არ არის.
დღეს დაიწყო რეგისტრაცია სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვისაც, რომლის დროსაც გრანტის მოპოვების მსურველ სტუდენტებს მხოლოდ ერთი, ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.