რეზონანსი
23.02.2017

 ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის თქმით, პრეზიდენტის დავალებით, უშიშროების საბჭოს აპარატი  კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას, ყველა არხით ცდილობს.

„უშიშროების საბჭოს აპარატის ყველა საშუალებით, მათ შორის დიპლომატიური არხებითაც ვცდილობთ დავაზუსტოთ ინფორმაცია, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული და ისინი იყვნენ უსაფრთხოდ," - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, აცხადებს,რომ კონგოს მხარემ სოსო ოსურაულის დატყვევების თაობაზე ინფორმაცია საქართველოს მხოლოდ გუშინ დაუდასტურა. ბექა დვალი დატყვევებული ქართველი მფრინავის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს.

„ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ვითარების მიხედვით  ყველა ოპტიმალური ნაბიჯი გადაიდგას" , - აცხადებს ბექა დვალი.

ქართველი მფრინავი, სოსო ოსურაული თითქმის ერთი თვეა კონგოელი მეამბოხეების ტყვეობაშია. მის გასათავისუფლებლად "ემ-23"-ის მეამბოხეები 1 მილიონ დოლარს ითხოვენ. დასავლური მედიის ცნობით, ქართველი მფრინავი ტყვეობაში 27 იანვრიდან იმყოფება, როდესაც მეამბოხეებმა კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების 2 ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ერთ-ერთს სწორედ სოსო ოსურაული მართავდა.

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ოსურაული კონგოში მათ მიერ არ არის წარგზავნილი. მოლაპარაკებებში საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე ჩაერთო.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×