რეზონანსი
23.02.2017

 პარლამენტი ე.წ. მოსმენების შესახებ კანონის სასესიო განხილვას განაგრძობს. უმრავლესობის ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, იქმნება სპეციალური სამსახური, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი უწყება იქნება.

ოპოზიცია უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეწინააღმდეგება და ფიქრობს, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევაა.

საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ ის სააგენტო, რომელსაც ე.წ. მოსმენების გასაღები ექნება ჩაბარებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ უნდა დაექვემდებაროს.

„სინამდვილეში ვღებულობთ კანონს, სადაც გვისმენენ უფრო მეტს, გვისმენენ უფრო ხარისხიანად, გვისმენენ უფრო ძვირად და თანაც საკუთარი ხარჯებით, ჩვენვე ვაფინანსებთ მონსტრს",- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ე.წ. მოსმენების კანონპროექტი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს სრულად პასუხობს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის თქმით, ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამ საკითხს ეხება. ადმინისტრაცია სააგენტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან სრულ დამოუკიდებლობას, მის ზედამხედველობასა და ბიზნესის ინტერესების დაცვას მოითხოვს.

„სააგენტო უნდა იყოს დამოუკიდებელი სუს-ისგან, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს დირექტივა. ბიზნესი უნდა იყოს დაცული და არ უნდა მოხდეს ამ კანონპროექტით ბიზნესის ინტერესებზე შეხება. ყველა უფლებამოსილება, რომელიც სააგენტოს ექნება, უნდა იყოს ზედამხედველობის ქვეშ ან ინსპექტორისგან ან სასამართლოსგან" , -განაცხადა ანა დოლიძემ.

ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან. დღესვე დაიწყება იურიდიულ კომიტეტში დოკუმენტის მეორე მოსმენით მუხლობრივი განხილვა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×