ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები საპატრიარქოში სინოდის წევრებს ხვდებიან. ამის შესახებ უფლებადამცველმა მიხეილ რამიშვილმა, ე.წ. მატროსოვის ციხეში, დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პატრიარქის მდივნის განცხადებით, ადვოკატებს სინოდის წევრი მეუფეები შეხვდებიან და ამ შეხვედრას პატრიარქი არ დაესწრება. საპატრიარქოში იურისტებთან ერთად, მეუფე პეტრე ცაავაც იმყოფება, რომელიც დღეს ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა გიორგისთან არ შეუშვეს.
პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ საპატრიარქოს ყველა თანამშრომელი და სინოდის წევრები მზად არიან პროკურატურის შეკითხვებს უპასუხონ. მისივე თქმით, პროკურატურას კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტისთვის, შორენა თეთრუაშვილისთვის შეკითხვებით ოფიციალურად არ მოუმართავს.
ადვოკატები განმარტავენ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე გამოძიებას ჩვენებას უახლოეს პერიოდში მისცემს.
„მამა გიორგი მამალაძე დაარღვევს დუმილის უფლებას. ეს უახლოეს პერიოდში იქნება. ის ისაუბრებს ძალიან ბევრ რამეზე, მათ შორის პირველ რიგში მის უდანაშაულობაზე" , - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.