თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე „ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას ეხმაურება, რომელიც თბილისის ბიუჯეტიდან „ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეებისთვის 2 მილიონი ლარის გამოყოფას ეხება.
ლექვინაძე ამბობს, რომ მერია არ არის ვალდებული დაზარალებულ მოვაჭრეებს კომპენსაცია გამოუყოს. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაზარალებულებისთვის მათი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი გააკეთეს, რაც ბანკებთან შუამდგომლობაში და მოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართების გამოყოფაში გამოიხატა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ბიუჯეტის თანხები სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უკვე გაწერილია.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები უკვე დამტკიცებულია, დედაქალაქის ბიუჯეტი 17 მილიონი ლარით გაიზრდება.
დამწვარ „ბავშვთა სამყაროსთან" უკვე მესამე დღეა, სამი მოვაჭრე შიმშილობს. ისინი სახელმწიფოსგან მინიმალური კომპენსაციის მიღებას ელოდებიან. სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს" შენობა 30 იანვარს დაიწვა.