რეზონანსი
23.02.2017

 „NASA"-ს მეცნიერებმა, დედამიწიდან 40 სინათლის წელიწადის დაშორებით, დედამიწის მსგავსი 7 ახალი პლანეტა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ამერიკის კოსმოსური სააგენტოს ასტრონომებმა, საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

შვიდივე პლანეტა მერწყულის თანავარსკვლავედში, ულტრა ცივი, წითელი, ერთი ჯუჯა ვარსკვლავის, „ტრაპისტ 1"-ის სისტემაში იმყოფება.

მეცნიერების თქმით, ყველა ახლადაღმოჩენილი პლანეტა ზომით დედამიწის მსგავსია და მათზე წყლის თხევადი ფორმით არსებობისთვის ხელსაყრელი პირობა არსებობს. შვიდიდან სამი პლანეტა ე.წ სიცოცხლის ზონაში იმყოფება.

„შევძლებთ თუ არა მეორე დედამიწის აღმოჩენას, არასწორი კითხვაა. საკითხავია თუ როდის შევძლებთ ამას" , -განაცხადა „NASA"-ს მეცნიერმა, ტომას ცურბიუხენმა.

როგორც ასტრონომმა მიშელ გიიონმა აღნიშნა: „ეს პლანეტები ერთმანეთთან და თავიანთ ვარსკვლავთან საკმაოდ ახლოს არიან, თუმცა ვარსკვლავი იმდენად ცივია, რომ პლანეტებზე შესაძლოა წყალი თხევად მდგომარეობაში იყოს. შესაძლებელია იქ სიცოცხლეც არსებობდეს".

ამერიკის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ასტრონომიული საზომებით, პლანეტები დედამიწისგან საკმაოდ ახლოს არიან და 39-40 სინათლის წლით არიან დაშორებულები. რეაქტიული თვითმფრინავით ამ მანძილის დაფარვას, დაახლოებით 40 მილიონი წელი დასჭირდებოდა.

2016 წელს, ასტრონომებმა ტელესკოპის საშუალებით ამ ვარსკვლავის ირგვლივ მბრუნავი ჯერ სამი პლანეტა იპოვეს. რის შემდეგაც მათ „ტრაპისტ-1"-ი კოსმოსური ტელესკოპით შეისწავლეს და დამატებით, კიდევ ოთხი პლანეტა აღმოაჩინეს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს ნამდვილი სიურპრიზია, რადგან ასტრონომები ადრეც პოულობდნენ სისტემებს შვიდი პლანეტით, მაგრამ ისინი არასდროს არ ჰგავდნენ დედამიწას ისე, როგორც ახლა აღმოჩენილი პლანეტები ჰგვანან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×