სალომე სარიშვილი
24.02.2017

 უკანასკნელი დღეების განმავლობაში საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება. გუშინ პროტესტის ნიშნად თანამდებობა პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა დატოვა, თუმცა ვიდრე ამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდა, განაცხადა, რომ მოტივი ამგვარი რადიკალური ქმედებისა პატრიარქის დაცვის უფროს სოსო ოხანაშვილს უკავშირდებოდა, რომელმაც "მისი მისამართით ცილისმწამებლური განცხადებები" გააკეთა.

პატრიარქის მდივანმა ისიც დაამატა, რომ იგი ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით დაიღალა და ესეც მისი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

რატომ წავიდა პატრიარქის მდივანი

პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი უკანასკნელი დღეების განმავლობაში საპატრიარქოში საერთოდ არ უნახავს.

მის ამ განცხადებამდე კი, გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თანამდებობა თავად ოხანაშვილმა დატოვა, თუმცა ამ საკითხზე დასმულ შეკითხვას გუშინ ბოტკოველმა არ უპასუხა. მოგვიანებით კი განცხადება თავად ოხანაშვილმა გააკეთა და თქვა, რომ მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ იგი საპატრიარქოში არ იმყოფებოდა.

ოხანაშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში სპეციალური ბრიფინგის გამართავას გეგმავს, სადაც იტყვის, დარჩება თუ არა კვლავ ამ თანამდებობაზე.

ზუსტად ამ განცხადებას მოჰყვა ბოტკოველის თანამდებობიდან წასვლა. დეკანოზმა განაცხადა, რომ ეს ოხანაშვილის საპასუხოდ, პროტესტის ნიშნად მიღებული გადაწყვეტილება იყო.

"პროტესტის ნიშნად დავტოვე ჩემი თანამდებობა და წამოვედი საპატრიარქოდან. ვიყავი კათოლიკოს პატრიარქის მდივანი და დღეიდან ჩემს მოვალეობებს აღარ შევასრულებ. საპატრიარქოში აღარ ვიქნები", - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

განცხადება აღნიშნულ საკითხზე მოგვიანებით საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მამა დავით შარაშენიძემაც გააკეთა და თქვა, რომ სოსო ოხანაშვილის განცხადება სრულიად არაადეკვატურად მიაჩნიათ და რომ ეს მხოლოდ ცილისწამება სიცრუეში ბრალის დადება იყო.

"მამა მიქაელმა ცალსახად გააკეთა განცხადება, რომ მას თვითონ არ ჰყავდა ნანახი საპატრიარქოში სოსო ოხანაშვილი და იქ არ იყო საუბარი თუ რა პოზიციას იკავებს დღეს და აგრძელებს თუ არა სამსახურს", - განაცხადა მამა დავით შარაშენიძემ.

ბოტკოველის გადადგომის შემდგომ კი პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ თქვა, რომ მამა მიქაელის მიერ თანამდებობის დატოვება იმ ადამიანის გადასაწყვეტია, რომელიც მას ნიშნავს და ეს არის მისი უწმინდესობა და შესაბამისად, მამა მიქაელ ბოტკოველი ამ დრომდე ინარჩუნებს პატრიარქის მდივნის პოზიციას.

"მამა მიქაელ ბოტკოველის თანამდებობა გახლავთ კონკორდატის თანამდებობა. როგორც ვიცი, მამა მიქაელს მისი ეს ემოციური გადაწყვეტილება არ შეუთანხმებია მის უწმინდესობასთან, ამიტომ დაველოდოთ. ეს არ არის ცალმხრივად გადასაწყვეტი. გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესიის საჭეთმპყრობელი და მჯერა, რომ მიქაელ ბოტკოველი მის ნება-სურვილს დაემორჩილება", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლაშა ჟვანიამ.

შეხვედრა სინოდის წევრებსა და ბრალდებულის ადვოკატებს შორის

გუშინვე შეხვედრა საპატრიარქოში სინოდის წევრებსა და ბრალდებული დეკანოზის ადვოკატებს შორისაც გაიმართა, რომელიც დაახლოებით საათნახევარს გრძელდებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდის წევრებს ჰქონდათ ბევრი კითხვა, რაზეც ადვოკატებმა დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია. მისივე თქმით, შეკითხვები ეხეოდა იმ ჩვენებას, რომელსაც დაკავებული დეკანოზი ისაუბრებს.

როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, სინოდის წევრები დაინტერესებულნი არიან სამართლიანი გადაწყვეტილებით. ამასთან, გუშინ საპატრიარქოში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც იმყოფებოდა, თუმცა მან საპატრიარქო უკომენტაროდ დატოვა.

პატრიარქის ვიდეო-ჩანაწერის თავისებურება

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც გუშინ ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, მეუფე დიმიტრის განცხადება, რომელიც პატრიარქის ვიდეო-ჩანაწერს ეხება. მეუფე დიმიტრის თქმით, ბერლინის კლინიკაში ჩაწერილ ვიდეოში პატრიარქი სიტყვებს "ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს" არა მამა გიორგი მამალაძის, არამედ პროკურატურის შესახებ ამბობდა.

როგორც მეუფე დიმიტრიმ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პატრიარქმა უბრალოდ პროკურატურის ნაცვლად შეცდომით მამა გიორგი მამალაძის სახელი ახსენა და ვიდეოდან ეს ნაწილიც სწორედ ამის გამო ამოიჭრა.

მეუფე დიმიტრიმ აღნიშნა ისიც, რომ ვიდეოდან რამდენიმე წინადადების ამოღების გადაწყვეტილება შეთანხმებული იყო თავად პატრიარქთან.

"პატრიარქთან პალატაში შეკრებილი ვიყავით ოთხი მღვდელმთავარი, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული და შორენა. იქ ვსაუბრობდით ამ საკითხთან დაკავშირებით. ითქვა, რომ ხალხის დაბნეულობა გამოიწვია პროკურატურის სხვადასხვა განცხადებებმა. გადავწყვიტე, რომ ვიდეომიმართვა გაგვეკეთებინა.

"რატომღაც არ ვიცი, ჩვენ ვერ ვთქვით ხმამაღლა, თუ პატრიარქმა ეს ვერ გაიგო, გამოვიდა ისე, რომ პატრიარქი ამბობს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს და ხან მესამეს. ეს ასე არ იყო, იმიტომ რომ ამ დროს, იცით, მამა გიორგი დუმდა.

"ის, რასაც ეუბნებოდნენ პროკურატურის შესახებ პატრიარქს, მამა გიორგის შესახებ თქვა პატრიარქმა. იქვე მივიღეთ გადაწყვეტილება, მოვახსენეთ პატრიარქსაც, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო და ნაწილი მოიჭრა, სადაც პატრიარქი საუბრობს, პროკურატურის ნაცვლად მამა გიორგიზე - ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს, ხან მესამესო", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მეუფე დიმიტრიმ.

ხოლო, კითხვაზე შეხვდება თუ არა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი დაკავებულ დეკანოზს, უპასუხა, რომ "სურვილიც რომ ჰქონდეს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება პატრიარქსა და პროკურატურას შორის, რომ ამჯერად მღვდელმთავრებმა შეხვედრისგან თავი შეიკავონ."

შეხვედრა ბრალდებულსა და მეუფე ცაავას შორის

აღსანიშნავია, რომ გუშინ მამა გიორგი მამალაძესთან ე. წ. მატროსოვის ციხეში მეუფე პეტრე ცაავაც შევიდა. ციხიდან გამოსვლის შემდგომ კი განაცხადა, რომ პატრიარქის ჩამობრძანების მიუხედავად, საპატრიარქოში სიტუაციას კვლავ ყველაზე დიდი დამნაშავე ქალბატონი მართავს.

როგორც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა განაცხადა, აუცილებელია გამოძიების ობიექტურად წარმართვისთვის "ქალბატონი" ჩამოშორდეს პროცესებს.

"მსგავსი განცხადებებისგან იკვეთება სერიოზული პრობლემა, რომ საქართველოში პატრიარქის ჩამობრძანებიდან სიტუაციას საპატრიარქოში კვლავ მართავს ყველაზე დიდი დამნაშავე, შემოქმედი, სცენარის ავტორი ამ სკანდალისა - ქალბატონი, რომელიც ვფიქრობ, ამ მმართველობას უნდა ჩამოცილდეს, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს და ობიექტურად წარიმართოს.

"გაკეთებული განცხადებები მამა მიქაელის მიერ და სხვა ცილისმწამებლური ცრუ ინფორმაციები საპატრიარქოს სახელით, მისი გარემოცვისგან რაც იკვეთება, ემსახურება ხელის შეშლას გამოძიების პროცესებისთვის.

"თუ რატომ არ შეხვდა პატრიარქი ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ვიტყვი, რომ პატრიარქს ჰქონდა სურვილი, მას ასევე ჰქონდა სურვილი, რომ მამა გიორგი მამალაძე თავდებით გამოსულიყო, თუმცა ვადასტურებ, რომ სიტუაციას მართავს ისევ ქალბატონი", - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.

როდის დაიკითხება ბრალდებული დეკანოზი

რაც შეეხება უშუალოდ, დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკითხვას, ბრალდებული შესაძლოა დღეს დაიკითხოს. როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მამა გიორგი მამალაძე მზადაა ჩვენების მისაცემად, უკვე გამოეხმაურნენ გამომძიებლები და უკვე დაუკავშირდნენ ადვოკატებს.

"დაგვიკავშირდნენ გამომძიებლები, თუმცა, დროის სიმცირის გამო, ვინაიდან პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა დღეს უკვე შეუძლებელია, ვერ მოხერხდა დღეს.

"ალბათ ხვალ კვლავ დაგვიკავშირდებიან და შესაძლოა ხვალვე მოხდეს მამა გიორგის დაკითხვა. ჩვენ დილიდან ვაპირებთ ისედაც მამა გიორგისთან შესვლას", - განაცხადა მიხეილ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას რამიშვილმა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია ასევე პატრიარქის პირადი დაცვის სამსახურის უფროსის, სოსო ოხანაშვილის საქმეც. როგორც ჟვანიამ განაცხადა, პატრიარქის დაცვის სამსახური არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში და, შესაბამისად, გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა იყოს მიღებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×