კვირას სამების ტაძარში პატრიარქი ილია || ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ პირველად იქადაგებს და ყველა დიდი მოუთმენლობით ელოდება, რას ეტყვის მრევლს ეკლესიის მეთაური "ციანიდის საქმეზე" და იტყვის თუ არა რამეს საპატრიარქოში დაწყებული სხვა არაერთი სკანდალის შესახებაც. მათ შორის, იმაზეც, რატომ გადააყენეს მისი დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი, ასევე დაცვის 17 წევრი და მოხდება თუ არა საპატრიარქოში არსებული ფინანსური მაქინაციების აუდიტი.
პარალელურად მთელი ინტერესია ე.წ. მატროსოვის ციხისკენ, სადაც გუშინ მოლოდინი იყო, "ციანიდს საქმეზე" დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაკითხავდნენ და საზოგადოება ამ სკანდალურ საქმეზე ცოტა მეტს მაინც გაიგებდა, მაგრამ დაკითხვა არ მოხდა. პროკურორი ამტკიცებს, რომ ეს "დროის სიმცირის გამო" ვერ მოესწრო. ადვოკატების თქმით კი, დეკანოზის ჩვენება ბრალდებას თავდაყირა დააყენებს და ამიტომაც პროკურატურა დაკითხვას განზრახ აჭიანურებს.
უფრო მეტიც, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ამ შაბათ-კვირას, როდესაც ადვოკატებს საპატიმროში შესვლის უფლება არ აქვთ, შესაძლოა, დეკანოზზე ჩვენების შეცვლის მიზნით ზეწოლა განხორციელდეს, ან მის სიცოცხლესაც შეიძლება დაემუქროს საფრთხე, რის გამოც სახალხო დამცველს სთხოვს, დეკანოზი ყოველდღე მოინახულოს.
"მამა გიორგი მზად იყო დილამდე სრულყოფილად მიეცა ჩვენება. როგორც კი ნიმუშების აღება დასრულდა და ჩვენ ჩვენების მისაცემად მოვემზადეთ, პროკურატურის წარმომადგენლებმა წასვლა დააპირეს. სუფთა ქარვასლა იყო - ვაჭრობა დაგვიწყეს, ახლა ძალიან გვიანია, სხვა დროზე შევთანხმდეთო," - ამბობს რამიშვილი, რომლის თქმითაც, მამა გიორგი ბრალს არ აღიარებს და ის არის მსხვერპლი: - "მიმაჩნია, რომ საფრთხის წინაშე დგას მამა გიორგის სიცოცხლე... შაბათ-კვირას რა მოხდება, მე არ ვიცი. დაუყოვნებლივ მიღებული იქნეს ზომები, რომ მამა გიორგის საფრთხე არ დაემუქროს..."
პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, დნმ-ის, ხმისა და ხელნაწერის ნიმუშები აიღეს, ამ პროცედურებმა დიდ ხანს გასტანა და ამიტომ დაკითხვა ვერ მოესწრო. კონკრეტულად ორშაბათს მაინც თუ მოხდება დაკითხვა, ბრალდება ამაზეც არაფერს ამბობს.
"არანაირ ხელოვნურად გაჭიანურებას ადგილი არ მათი მოთხოვნა იყო გაუგებარი, თითქოს დაწყებულიყო დაკითხვა და შემდეგ ნახევარ საათში შეწვეტილიყო. აცხადებდნენ, რომ დაკითხვა დიდი დროით გაგრძელდებოდა, ვინაიდან ჩვენება საკმაოდ მოცულობითი იქნებოდა.
"ბუნებრივია, ბრალდების მხარეს სწორად არ მიაჩნია დაკითხვა დაიწყოს, გახსნას ოქმი და შემდეგ შეწყვიტოს ადვოკატების მოთხოვნიდან გამომდინარე. მიზანშეწონილია დაკითხვა დასრულდეს იმ დღესვე, როდესაც დაიწყება," - ამბობს ტყეშელაშვილი.
ვისი მკვლელობის მომზადებას ედავებიან დაკავებულ დეკანოზს და რა დევს საქმის მასალებში, პროკურატურა ისევ არ აკონკრეტებს. არჩილ ტყეშელაშვილი ამბობს, რომ არსებული საფრთხის მოხსნის შემდეგ უწყება მტკიცებულებებს გაასაჯაროვებს, თუმცა, რა საფრთხეებზეა საუბარი, არ ამბობს.
პროკურორი არც იმაზე საუბრობს, მამალაძის გარდა სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოხდება თუ არა.
რას იტყვის დეკანოზი გიორგი მამალაძე
როგორც ადვოკატები აანონსებენ, ჩვენება, რომელიც დეკანოზმა გამოძიებას უნდა მისცეს და რომელსაც შემდეგ საზოგადოებასაც გააცნობენ, საკმაოდ სკანდალურია და ის თავდაყირა აყენებს პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ ვერსიას.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის იარაღი. მამა გიორგი ზუსტად იტყვის, ვინ სთხოვა იმ იარაღის სახლში დროებით შენახვა, რაც ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს.
2-კვირიანი დაკავების შემდეგ დეკანოზი მზად იყო პროკურორისთვის ჩვენება მიეცა, მაგრამ პროკურორთან და გამომძიებლებთან 3-საათიანი შეხვედრა გუშინ დაკითხვის გარეშე დასრულდა, რამაც ადვოკატების დიდი აღშფოთება გამოიწვია.
გუშინ პროკურატურის წარმომადგენლებს ე.წ. მატროსოვის ციხეში 15 საათიდან ელოდნენ, თუმცა მათ ერთი საათით დაიგვიანეს. პატიმართან შესვლამდე პროკურორმა თქვა, რომ მამალაძის ხმის ნიმუშებს აიღებდნენ, რითაც ბრალდების მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერის ნამდვილობა უნდა დადასტურდეს. ასევე აიღებდნენ ხელნაწერისა და დნმ-ის ნიმუშებს და თუ დრო დარჩებოდა, შემდეგ დაკითხავდნენ კიდეც ბრალდებულს. თუმცა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მხოლოდ ექსპერტიზისთვის ნიმუშების აღება მოხდა, დაკითხვა კი გადაიდო.
"ციანიდის საქმის" გასამყარებლად პროკურატურის წარმომადგენელი ეწვია ჩაქვის სასულიერო გიმნაზიასაც, რომლის რექტორიც იყო გიორგი მამალაძე, თუმცა სასწავლებლის ხელმძღვანელობას პროკურატურის მოთხოვნა დეკანოზის ხელნაწერების გადაცემაზე საეჭვოდ მოეჩვენა და მის გაცემაზე უარი თქვეს.
"ჩემში უნდობლობა გამოიწვია იმან, რომ ის ითხოვდა მამაოს ხელნაწერს, ნებისმიერი სახის, თუნდაც პატარა ფურცლის ნაგლეჯს და თვითონ მოთხოვნის პროცესი იყო ისეთი, რაც იწვევდა უნდობლობას. ეს ადამიანი იყო სხვისი გამოგზავნილი, ასე ჩავთვალე მე იმიტომ, რომ ის დრო და დრო ეკონტაქტებოდა სხვას და ის აძლევდა იქიდან რჩევებს," - განაცხადა დირექტორის მოადგილე მარიამ ტარიელაძემ.
პროკური არჩილ ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ მათ მიმართეს არა მარტო ჩაქვის გიმნაზიას, არამედ იმ საავადმყოფოსაც, სადაც მამალაძე მუშაობდა.
საქმის მასალები გამოითხოვა სახალხო დამცველმაც. უჩა ნანუაშვილი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ დაცვის მხარეს გაუთქმელობის პირობა უნდა მოეხსნას, რადგან თანასწორ უფლებიანობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი ირღვევა.
ბოტკოველიც წავიდა და ოხანაშვილიც
"ციანიდის საქმის" გამოძიების პარალელურად, საპატრიარქოში დაპირისპირებისა და ბრალდებების ახალ-ახალი თემა ჩნდება. პატრიარქის მდივანი და პრეს-სპიკერის მამა მიქაელ ბოტკოველი საპატრიარქოდან წავიდა და დღეიდან საპატრიარქოს პოზიციას მედიასთან პრეს სამსახურის უფროსი, დეკანოზი დავით შარაშენიძე ილაპარაკებს. ვინ დაიკავებს პატრიარქის მდივნის თანამდებობას, ეს უცნობია.
ასევე უკვე გადააყენეს პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი და მის ნაცვლად დაინიშნა ვანო კობაიძე, რომელიც საბაჟოს ყოფილი თანამშრომელი და პატრიარქთან დაახლოებული პირია. როგორც ოხანაშვილი, ისე კობაიძე შს სამინისტროს კადრია.
კობაიძის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია პირველად ტელეკომპანია "იბერიამ" გაავრცელა და შემდეგ ეს დაცვის სამსახურში "რეზონანსსაც" დაუსასტურეს.
გუშინ "იბერიამ" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ასევე გაავრცელა ცნობა, რომ საპატრიარქოს დაცვის 17 წევრი გაათავისუფლეს.
აღსანიშნავია, რომ მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა, რომლის სიძეცაა ოხანაშვილი, ხუთშაბათს თქვა, რომ სიძეს თავადაც ურჩია, დროებით მაინც გადამდგარიყო და, დიდი ალბათობით, ოხანაშვილი მის მიერ დაანონსებულ ბრიფინგზე სწორედ ამ წასვლას თუ გაშვებას გაახმოვანებს.
ხუთშაბათს ბოტკოველი-ოხანაშვილის ურთიერთბდებებიც სწორედ ოხანაშვილის დაცვის უფროსობის თემას ეხებოდა და მამა მიქაელმა თანამდებობა ამ დაპირისპირების გამო პროტესტის ნიშნად დატოვა.
კონკრეტულად კი დაპირისპირების თემა გახდა ჟურნალისტების ინტერესი, აგრძელებდა თუ არა მუშაობას სოსო ოხანაშვილი. ბოტკოველმა თქვა, რომ არ იცის, მაგრამ ბოლო დღეებია ის საპატრიარქოში არ უნახავს. ამ განცხადების გამო ოხანაშვილმა თქვა, რომ ბოტკოველმა იცრუა. საპასუხოდ, პატრიარქის მდივანმა იგი თავხედად მოიხსენია და თქვა, რომ ის მიდის, რადგან ბოლო დროს მიმდინარე ამბებით დაიღალა და მიუხედავად იმისა, რომ მას დაბრუნება სთხოვეს, ის გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის თქმით, მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით სხვა დაინიშნება, მაგრამ პატრიარქის მდივნის პოზიციაზე ბოტკოველის ჩანაცვლება არ იგეგმება და იმედი აქვთ, რომ ის თავისი მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.
გუშინ ასევე გავრცელდა ცნობა, რომ ამ სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ოხანაშვილმა ბოტკოველს ხელიც გაარტყა, თუმცა ამას საპატრიარქოში არავინ ადასტურებს. თავად ოხანაშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებს, ბოტკოველი კი ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს და ოხანაშვილს ნაძირალას უწოდებს.
"რა ნაძირალაც არის, დიდი ხანია ვიცი, შეიძლება ის ცდილობს, რომ საზოგადოებას მოახვიოს აზრი, თითქოსდა ფიზიკურად გამისწორდა," - განაცხადა ბოტკოველმა, რომელიც ასევე ამბობს იმას, რომ გადაწყვეტილებას არ ცვლის და საპატრიარქოში დაბრუნებას არ აპირებს: "მე ბავშვი არ ვარ, რომ ემოციურ განცხადებებს ვაკეთებდე მივიღე აბსოლუტურად გაცნობიერებული გადაწყვეტილება. ამ ადამიანის გვერდით საპატრიარქოში ვერ ვიქნები".