რა გავლენას მოახდენს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლე, რომელიც თავის დროზე "ნაცმოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყო?
გვანცა ღვედაშვილი
27.02.2017

 სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის შესახებ გამოტანილ გადაწყვეტილებას ხელახლა განიხილავს. სასამართლოს დიდმა პალატამ პირველი სხდომა 8 მარტს დანიშნა.

უკვე ცნობილია, რომ მერაბიშვილის საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლე ნონა წოწორიაც, რომელიც თავად მონაწილეობდა მერაბიშვილთან დაკავშირებით საქმის თავდაპირველ განხილვაში და იმ განაჩენის გამოტანაში, რომელიც მოგვიანებით ქართულმა მხარემ გაასაჩივრა.

ხელახალ განხილვაში მისი მონაწილეობა, სტრასბურგის სასამართლოს წესებიდან გამომდინარე, აუცილებელიცაა, რადგანაც იგი საქართველოს წარმოადგენს და დიდ პალატას სწორედ მან უნდა გააცნოს, თუ ზოგადად სამართლებრივად რა ვითარებაა საქართველოში, როგორია ქართული კანონმდებლობა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და ა.შ.

ნინო წოწორია 2004-2008 წლებში საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო. იგი "ნაციონალური მოძრაობის" აქტიურ მხარდამჭერადაა ცნობილი, თუმცა ძნელია იმის თქმა, რა როლი ითამაშა მისმა პოლიტიკურმა სიმპათიებმა 2016 წელს სტრასბურგის სასამართლოს მიერ "ნაცმოძრაობისა" და მერაბიშვილისათვის მისაღები გადაწყვეტილების გამოტანაში, ან რა გავლენას მოახდენს იგივე ფაქტორი ამ საქმის ხელახალ განხილვაზე.

იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ, რომ იგი დიდი პალატის წევრი იქნება, თუმცა ამბობენ, რომ პოლიტიკურ შეფასებებს ვერ გააკეთებენ და არ ისაუბრებენ ამ განხილვებზე წოწორიას ფაქტორის გავლენასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 13 სექტემბერს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა, სტრასბურგის სასამარლოს მიერ მერაბიშვილთან დაკავშ|რებით გამოტანილი გადაწყვეტილება. რომლის მიხედვითაც, ყოფილი მინისტრის წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, თუმცა, კითხვებს ბადებდა 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული სარჩელის განხილვას დათანხმდა სასამართლო და მერაბიშვილის საქმეს დიდ პალატას გადაეცემა.

"მოთხოვნა იყო, რომ საქმე გადასცემოდა 7 მოსამართლიდან 17 მოსამართლეს, ანუ დიდ პალატას, სადაც ჩვენ განვიხილავდით მე-18 მუხლის საკითხს თავიდან... ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ეს გადაწყვეტილება არ შესულიყო ძალაში, რადგან მივიჩნევდით მას უპრეცედენტოდ, რადგანაც ეწინააღმდეგებოდა ამავე სასამართლოს მრავალი წლის მანძილზე დამდგარ პრეცედენტულ სამართალს. ამიტომ გავასაჩივრეთ დიდ პალატაში და ყველა მოთხოვნა დაკმოყოფილებულ იქნა, ანუ საქმე მთლიანად გადაეცა თავიდან განხილვაში დიდ პალატას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ მე-18 მუხლთან შესაბამისობაში, ივნისში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის დაკავება "გამოყენებულ იქნა დამატებით საშუალებად საგამოძიებო ორგანოების მიერ, რათა მიეღოთ დამატებითი ბერკეტები სხვა საქმეების გამოძიებაში - კერძოდ, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან, ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოძიებასთან დაკავშირებით. დაკავება არ უნდა ემსახურებოდეს მიზანს, გამოყენებულ იქნეს იგი, როგორც მორალური ზეწოლის საშუალება ბრალდებულზე. შესაბამისად, იყო კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას, მეხუთე მუხლის პირველ პარაგრაფთან ერთობლიობაში".

აქვე აღსანიშნავია, რომ ნონა წოწორია, რომელიც მერაბიშვილის საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს, სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის 1 თებერვალს დაინიშნა და 9 წლის ვადით არის არჩეული, რაც იმას ნიშნავს, რომ 2017 წელს მას სტრასბურგში მოსამართლეობის ვადა გაუვიდა. თუმცა როგორც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინა წარმომადეგენელი მინდია უგრეხელიძე "მთელ კვირასთან" აცხადებს, წოწორიას მერაბიშვილის საქმის განხილვაში მონაწილეობის სრული უფლება აქვს, რადგან ის ეროვნული მოსამართლეა. ერთადერთი, რაც შესაძლოა დამაბრკოლებელი ფაქტორი იყოს, არის ის, ჰქონდა თუ არა მას მერაბიშვილთან რაიმე სამსახურებრივი კავშირი. არც ვადის გასვლა და არც წინა განხილვაში მონაწილეობა ამ შემთხვევაში ხელის შემშლელ ფაქტორად არ ითვლება.

"ნონა წოწორიას აქვს უფლება საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს მიუხედავად იმისა, რომ ვადა გაუვიდა, რადგან სანამ საქართველოდან ახალ მოსამართლეს არ აირჩევენ და ფიცს არ დადებს, მანამდე არსებული მოსამართლე ვალდებულია, გააგრძელოს თავისი უფლებამოსილებების აღასრულება.

"წოწორიას საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება იმ შემთხვევაში არ ექნება, თუ მოსამართლედ დანიშვნამდე იყო რაიმენაირად დაკავშირებული მერაბიშვილთან.

"თავის დროზე ის იყო ადეიშვილის მოადგილე და სტრასბურგში რომ ახლა ადეიშვილს ასამართლებდნენ, მას არ ექნებოდა საქმეში მონაწილეობის უფლება", - გვითხრა უგრეხელიძემ.

მისივე თქმით, წოწორია სტრასბურგში მოსამართლედ დანიშვნამდე "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყო, თუმცა მოსამართლედ დანიშვნის შემდეგ მას თავისი პარტიული კუთვნილებისა და პოლიტიკური გემოვნების დავიწყება ევალდებოდა. უგრეხელიძე იმედს გამოთქვამს რომ წოწორიამ ეს შეძლო, თუმცა, დარწმუნებული არ არის.

"მე როგორც ვიცი, თავის დროზე ნონა წოწორია იყო "ნაციონალთა" აღმსარებელი, თუ შეიძლება ასე ითქვას. მას შემდეგ, რაც ის მოსამართლე გახდა, მას ევალებოდა დაევიწყებინა არა მხოლოდ პარტიული კუთვნილება და პოლიტიკური გემოვნება, არამედ ყველა ადამიანს ევალდებოდა, "დავიწყებოდათ" თავისი ეროვნება, რადგან იქ შენ საქართველოს წარმომადგენელი კი არ ხარ, არამედ საქართველოდან არჩეული მოსამართლე, რომელმაც ყოველგვარი სიმპათია-ანტიპათიის გარეშე უნდა იმსჯელოს ნებისმიერ საკითხზე. მინდა ვიქონიო იმედი, რომ ნონა წოწორიამ შეძლო დაეძლია ეს ფსიქოლოგიური ბარიერი", - განაცხადა უგრეხელიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელობა არ ენიჭება იმ ფაქტს, რომ მერაბიშვილის საქმის პირველი განხილვის შემთხვევაშიც იღებდა მონაწილეობას წოწორია. ვინაიდან ის ამ შემთხვევაში ეროვნული მოსამართლეა, სტრასბურგის სასამართლოს შიდაგანაწესიდან გამომდინარე, ძალზედ მნიშვნელოვანია მისი მონაწილეობა, რადგან სწორედ მან უნდა გააცნოს მოსამართლეებს ქვეყანაში არსებული ვითარება, კანონმდებლობა და ა.შ.

"ყოველი საქმის განხილვის დროს აუცილებელია დიდ პალატაშიც მონაწილეობას იღებდეს ეროვნული მოსამართლე, ვინაიდან მან უკეთ იცის ფაქტობრივი ვითარება ქვეყანაში და მისი საკანონმდებლო ბაზა. ეროვნულ მოსამართლეს არათუ უფლება აქვს საქმეში მონაწილეობისა, არამედ ევალება კიდეც. ამიტომ, თუკი სხვა რაიმე მიზეზი არ არის, სრული უფლება აქვს წოწორიას, საქმეში მონაწილეობა მიიღოს, თუ რაიმე არ შეიცვალა კანონმდებლობაში", - განაცხადა უგრეხელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×