რას იტყვის სკანდალური ბრალდებით დაკავებული დეკანოზი დღეს ჩვენების მიცემისას
სალომე სარიშვილი
27.02.2017

 დეკანოზი გიორგი მამალაძე სკანდალურ "ციანიდის საქმეზე" უკვე 2 კვირაზე მეტია დაკავებული, თუმცა, მისი დაკითხვა ჯერ კიდევ არ მომხდარა. სავარაუდოდ, იგი დღეს მისცემს ჩვენებას გამოძიებას. ყოველ შემთხვევაში, პროკურატურამ ამის შესახებ ღია განცხადება ჯერ კიდევ 2 დღის წინ გააკეთა. მანამდე კი დაცვის მხარე ბრალდებულის წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ წნეხზე საუბრობს და აცხადებს, რომ დეკანოზის დაკითხვა განგებ ჭიანურდება, რათა სიმართლეს ფარდა რაც შეიძლება გვიან აეხადოს.

ამასთან, დაკავებულის უფლებადამცველები იმასაც ამბობენ, რომ პროკურატურა ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ დეკანოზს დაკითხვა 5-ჯერ შესთავაზეს, რაზეც ძალოვანმა უწყებამ უარი მიიღო.

ყოველივე ამის ფონზე გუშინ ამ სკანდალთან დაკავშირებული ზოგიერთი დეტალი გაირკვა. პატრიარქმა კი სამებიდან ქადაგებით მიმართა მრევლს, თუმცა "ციანიდის საქმეს" არ შეხებია.

პატრიარქის ქადაგება

თავად პატრიაქმა გუშინ ტრადიციულ საკვირაო წირვაზე მისვლა ვერ შეძლო, თუმცა საღამოს შენდობის ლოცვა ჩაატარა და სამებაში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა.

იგი არც დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას და არც საპატრიარქოს წარმომადგენელთა ურთიერთბრალდებებს არ შეხებია. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, საკვირველია, როგორ იტევს ადამიანი თავის თავში ამდენ სიკეთეს, ამდენ ბოროტებას, ამდენ სიხარულს და მწუხარებას.

"მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ. სიკეთე მუდამ გამარჯვებული იქნება. მუდამ დათრგუნული იქნება ბოროტება. სამწუხაროა ის, რომ ჩვენ ვხვდებით მწუხარებას, ჩვენ ვხედავთ მწუხარებას იმ ადამიანებისგან, რომელთაც სიკეთეს ვუკეთებთ, რომელთათვის ვზრუნავთ. მადლობა ღმერთს, რომ ღმერთი გვაძლევს ჩვენ მოთმინებას.

"ადამიანი კეთილია თავისი ბუნებით. ადამიანი ხატია ღვთის, მაგრამ ადამიანში არის დიდი ბრძოლა და მან უნდა აირჩიოს თავისი ადგილი ამ ბრძოლის დროს. ღმერთი არ სჯის ადამიანს. ხშირ შემთხვევაში თვითონ ადამიანი სჯის თავის თავს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჯერ კიდევ სიცოცხლის დროს ადამიანი ირჩევს, მარჯვნივ დადგება თუ მარცხნივ. თუ ბოროტია, ის მარცხენა მხარეს ირჩევს, თუ კეთილია - მარჯვენას. ღმერთმა ბოროტი ადამიანი რომ დააყენოს მარჯვენა მხარეს, ის ვერ გაუძლებს ამ მდგომარეობას. ადამიანმა ჯერ კიდევ დედამიწაზე უნდა აირჩიოს თავისი ადგილი", - აღნიშნა პატრიარქმა.

ბოლოს მან მრევლს შენდობა სთხოვა.

როდის დაიკითხება დაკავებული დეკანოზი

2 დღის წინ, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე 27 თებერვალს, ანუ დღეს დაიკითხება. გარდა ამისა, მან დეკანოზის ადვოკატის ბრალდებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ბრალდებული დაკავების დღიდან გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა და შესაბამისად, ჩვენების მიცემაზე უარს ამბობდა.

"დაკავების შემდეგ მას 5-ჯერ შევთავაზეთ დაკითხვა, თუმცა, ჩვენების მოცემაზე ყველა ჯერზე უარი თქვა. გარდა დაკითხვისა, ბრალდებულს არაერთხელ მივმართეთ ექსპერტიზისთვის ნიმუშების ასაღებად. მას 14 თებერვალს შეეთავაზა ნებაყოფლობით მოეცა ხმის, ხელწერისა და ე.წ დნმ-ის ნიმუშები, რაზეც უარი განაცხადა.

"შემდეგ უკვე სასამართლოს განჩინების საფუძველზე არაერთხელ შევთავაზეთ, თუმცა კვლავ უარი მივიღეთ. ბრალდებული ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა, მაშინ, როცა ექიმმა მოგვცა თანხმობა, რომ მას თავისუფლად შეეძლო საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება.

"ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბრალდებულის და მისი ადვოკატის განცხადება, რომ თითქოსდა ჩვენ პროცესს ვაჭიანურებთ, არის სიცრუე და მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს.

"არსებული ვითარების გათვალისწინებით, 24 თებერვალს, ბრალდებულს კვლავ შევხვდით ექსპერტიზისათვის ნიმუშების ასაღებად, რაც მისი ვალდებულება იყო, რომ მოეცა ნიმუშები.

"რაც შეეხება დაკითხვას, გ. მამალაძე დაიკითხება ორშაბათს, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მის მიმართ არსებობს ბევრი შეკითხვა და მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რა თქმა უნდა, კვლავ უარს არ იტყვის დაკითხვაზე", - განაცხადა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ 2 დღის წინ.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ციანიდის საქმეზე" ბრალდებული დეკანოზი 10 თებერვალს დააკავეს, რა დროსაც მან დუმილის უფლება გამოიყენა. მაშინ დაცვის მხარე ამბობდა, რომ დაკავებული პატრიარქის გერმანიიდან დაბრუნებას ელოდა, ხოლო მისი ჩამობრძანების შემდგომ კი, ანუ 20 თებერვალს დაკავებულის უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ მამა გიორგი დუმილს დაარღევევდა.

ცნობისთვის, "მთელი კვირა" შეეცადა, ბრალდებულის დაკითხვის შესახებ მეტი დეტალები პროკურატურაში გადაემოწმებინა, თუმცა ჩვენი მცდელობის მიუხედავად, პროკურატურაში ჩვენს ზარს არ უპასუხეს.

რას ამბობს დაცვის მხარე

"ციანიდის საქმეზე" ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას კატეგორიულად უარყოფს პროკურატურის განცხადებას იმის თაობაზე, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაკავების შემდეგ დაკითხვა 5-ჯერ შესთავაზეს. მიხეილ რამიშვილი ამის დასტურად, დაკავების შემდგომ მოვლენებს ქრონოლოგიურად იხსენებს და ამბობს, რომ ამავე ვადაში მამა გიორგისთვის დაკითხვის შეთავაზება შეუძლებელი იყო.

"გასაგები რომ იყოს, საკითხს ქრონოლოგიურად უნდა მივყვეთ. მამა გიორგი 10 თებერვალს დააკავეს, 11 თებერვალს კი მას ბრალი წაუყენეს, რად დროსაც მან დუმილის უფლება გამოიყენება და შესაბამისად, კანონის თანახმად ეს ნიშნავს, რომ იგი თავს უდანაშაულოდ ცნობდა.

"12 თებერვალს მის წინააღმდეგ აღკვეთი ღონისძიების სახით მის მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა, რის შემდეგაც იგი რუსთავის #6 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"რამდენიმე დღის შემდეფ კი #9 დაწესებულებაში გადმოიყვანეს. რატომ ვყვები ამას ასე დეტალურად? - იმიტომ, რომ ეს რამდენიმე დღის ვადაში მოხდა, მთელი ამ დროის განმავლობაში კი მამა გიორგისთან შესული იყო როგორც სახალხო დამცელი, მისი უფლებადამცველები და შესაბამისად, ჩვენ მასთან კომუნიკაცია გვქონდა.

"მოგეხსენებათ, მამა გიორგი პატრიარქის ჩამობრძანებას ელოდება და ვნახეთ, რომ ის მისი დაკავებიდან ზუსტად 10 დღეში ჩამობრძანდა. როგორც კი პატრიარქი ჩამოვიდა, ეს იყო 20 თებერვალს, ჩვენ ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ მამა გიორგი დუმილის უფლებას არღვევდა და შესაბამისად, მზად იყო ჩვენება მიეცა," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას დაკავებული დეკანოზის ადვოკატი და იქვე უმატებს, რომ ზუსტად ამის შემდგომ, 23 თებერვალს დაცვის მხარემ პროკურატურას განცხადებით მიმართა.

"შევთანხმდით, რომ მომდევნო დღეს, ანუ 24 თებერვალს მამა გიორგი დაიკითხებოდა. პარასკევს, ბრალდების მხარე დილით უნდა შესულიყო დასაკითხად, შემდეგ გვითხრეს, რომ დღის მეორე ნახევარში მოვიდოდნენ ექსპერტიზისთვის ნიმუშების ასაღებად, ანუ 3 საათზე. 3 საათზე დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ერთი ექსპერტი სასამართლოში იყო, თურმე მთელი სახელწიფო ერთ ექსპერტზეა დამოკიდებული... როგორ შეიძლება ძალოვანი სტრუქტურა მეუბნებოდეს, რომ ექსპერტი რაღაც საქმეზეა და დაკავებულია. ალტერნატიული ექსპერტი არ არსებობს, თუ ერთ ექსპერტზე ვართ დამოკიდებული?!

"მოკლედ, 5-ის ნახევარზე მობრძანდნენ და მამა გიორგის ნიმუშები აიღეს, ეს მოიცავდა ხმის ნიმუშის აღებას, რომელიც 3 წუთსა და 7 წამს გრძლედებოდა, ასევე კალიგრაფიის ნიმუშის აღებას, რაც ასევე რამდენიმე წუთს გაგარძელდა და დეენემის ნიმუშის აღება, რომელიც რამდენიმე წამს გრძელდებოდა. მაქსიმუმ 45 წუთიანი პროცედურა 2 საათნახევარს გაწელეს და 7 საათამდე გააგრძელეს. მთელი ამ პროცედურის დროს ათჯერ მაინც ვკითხეთ მამა გიორგის - იყო თუ არა მზად ჩვენების მისაცემად, რაზეც დასტური მივიღეთ.

"უფრო მეტიც, მან თქვა, რომ თუ საჭიროა, დილამდე ვიჯდები და ჩვენებას მივცემო. თუმცა, როგორც კი ნიმუშების აღება დაასრულეს, ეგრევე წავიდენენ. არგუმენტად კი გვითხრეს, რომ რადგან არ იცოდნენ, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ჩვენება და რადგან სამუშაო დრო ამოიწურა, მამა გიორგის დაკითხვა არ შედგებოდა.

"თუ ასე იყო, მაშინ 6 საათზე პატიმრებთან შეხვედრის დრო ისედაც ამოწურული იყო და ეს ადმინისტრაციას უნდა ეთქვა - როგორ, თუ ექსპერტიზა შეიძლებოდა 6 საათის მერე, 7-იდან 10 საათამდე, კანონის თანახმად, დაკითხვაც არ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო?! ამისთვის 3 საათი იყო დარჩენილი," - ამბობს უფლებადამცველი და იქვე კიდევ ერთხელ ხაზგასმით დასძენს, რომ დაკავებული დეკანოზი ჩვენების მისაცემად მზად იყო.

"დილამდეც რომ გაგრძელებულიყო დაკითხვა, ვერავინ ვერ გაბედავდა და ვერ იტყოდა შეწყვიტეთო, სანამ თავად მამა გიორგი არ იტყოდა, რომ ფიზიკურად აღარ შეუძლია. ისეთი განცდა დამრჩა, რომ სკოლაში ვიყავი, ზარი დაირეკა და გასაქცევად მოემზადნენ - დაამთავრეს თუ არა ნიმუშების აღება, პროკურორიცა და გამომძიებელიც, ყველა კარებში გავარდა.

"გვქონდა ცხარე კამათიც, მაგრამ არაფერმა არ გაჭრა. ასეთი რამ პრაქტიკაში არ მქონია, ბრალდებული დაკითხვას იხვეწებოდეს და ესენი ვაჭრობდნენ - აი, ვნახოთ, მომავალში შევთანხმდეთო. ამის ფონზე გამოდიან და კიდევ იმას ამბობენ, ადვოკატები ცრუობენო, სიცრუე მაგათი მოგონილია," - აღნიშნავს მიხეილ რამიშვილი.

რატომ არ დაიკითხა ეჭვმიტანილი 17 დღის განმავლობაში

ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი ყურადღებას დაკავების დღიდან მოყოლებულ პროცედურულ ნაწილზე ამახვილებს და ამბობს, რომ თუკი გარკვეულ გაუგებრობას არ ჩავთვლით, მნიშვნელოვან გადაცდომას ადგილი არ ყოფილა.

"თავდაპირველად, როდესაც პირს ბრალდება წარედგინება, ამ შემთხვევაში მას სთავაზობენ დაიკითხოს და მისცეს ჩვენება, მას კი შეუძლია მისცეს ჩვენება, ან გამოიყენოს დუმილის უფლება. დუმილის უფლება კი, ცხადია, არ ნიშნავს, რომ იგი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს.

"რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, თუ მას სურვილი გაუჩნდება ჩვენება მისცეს გამომძიებელს, ან თვითონ მიმართავს ან ადვოკატის მეშვეობით გამომძიებელს, რის შემდგომაც დაკითხვა ხდება. ასეთ შემთხვევაზე ჩემს პრაქტიკაში პრობლემა არასოდეს შემქმნია", - ამბობს ბარათაშვილი.

მისივე თქმით, გაუგებარი, რატომ უნდა შეეთავაზებინა ბრალდების მხარეს 5-ჯერ დაკავებულის დაკითხვა. ადვოკატი ამბობს, რომ ეს ცოტა არაბუნებრივად ჟღერს.

"როგორც წესი, ბრალდების მხარე პირს დაკითხვას ერთხელ სთავაზობს და ეს ხდება დაკავების დროს, შემდეგ კი თუ თვითონ გაუჩნდება სურვილი, ამ შემთახვევაში აძლევს ჩვენებას. ერთი მხრივ, გაუგებარია, როგორ შეიძლება ბრალდების მხარეს 5-ჯერ შეეთავაზებინა დაკითხვა და მეორე მხრივ, ისიც გაურკვეველია, ასე სასწრაფოდ რატომ უნდა მომხდარიყო დაკითხვა - თუ საპროცესო მოქმედებები იყო ჩასატარებელი, ეს უნდა მომხდარიყო.

"თუმცა, დაცვის მხარის შეშფოთებაც მესმის იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ბრალდებულისათვის ეს ყველაფერი საფრთხის შემცველი იყოს.

"საბოლოო ჯამში, მაინც მიმაჩნია, რომ ბრალდებულის დაკითხვა დროულად მოხდება. გადაცდომებს, ვერ ვხედავ, თუ იმას ჩავთვლით, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია ყველასგან შეილახა და ამასთან, ინფორმაციას საზოგადოებას მხოლოდ ბრალდების მხარე აძლევს და შესაბამისად, დაცვის მხარეს გაუთქმელობის ხელწერილი აქვს, ამ შემთხვევაში შეჯიბრობითობის პრინციპის დარღვევა არის, სხვა მხრივ გადაცდომების, ვერ ვხედავ," - განუცხადა "მთელ კვირას" ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა.

ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი კი ფიქრობს, რომ ბრალდებულის დაკითხვის ნაწილში აჟიოტაჟი ხელოვნურად შეიქმნა, რადგან რეალურად პროკურატურას გადაცდომები არ ჰქონია.

რაც შეეხება დაკავებულის ჩვენებას, ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ მისი დაკითხვის ვადას ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის საჯარო მაინც ვერ იქნება და შესაბამისად, საზოგადოება დეტალებს ვერ გაეცნობა.

"რადგანაც მამა გიორგი დუმილის უფლებას იყენებდა, პროკურატურად ვერ ეტყოდა - გინდა თუ არა ჩვენება მომეციო. მამა გიორგიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ დუმილის უფლებას არღვევდა და შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაკითხვა პარასკევს მოხდებოდა. თუმცა, ამას წინ უსწრებდა ნიმუშების აღების პროცესი, რომელიც რაღაც ვადით გაგრძელდა.

"როგორც ორივე მხარე ამბობს, ეს პროცესი 7 საათამდე გაგრძელდა, რის შემდგომაც დაცვის მხარე ითხოვდა დაკითხვა გაგრძელებულიყოო, ბრალდების მხარე კი აცხადებდა, რომ დაკითხვის დაწყების შემთხვევაში, ის ბოლომდე უნდა მიეყვანათ, ვინაიდან კანონის თანახმად, საღამოს 10 საათის შემდგომ ბრალდებულის დაკითხვა არ შეიძლება," - ამბობს ნიკოლეიშვილი და იქვე უმატებს, რომ თუკი სამი საათის განმავლობაში ბრალდების მხარე მას დაკითხავდა და შემდგომ შეწვყეტდა, ეს ისევ პროკურატურის უფლებამოსილება იქნებოდა.

"შესაბამისად, პროკურატურას არ სურდა შეწყვეტილი დაკითხვა და ის ორშაბათისთვის გადაიტანა. ვფიქრობ, ეს ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია, რადგან ბრალდებული პარასკევს დაიკითხებოდა თუ ორშაბათს, ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ჩვენ კანონის თანახმად ვიმსჯელებთ, ამ შემთხვევაში გადაცდომებს ვერ ვხედავ," - უთხრა "მთელ კვირას" ადვოკატმა.

რას იტყვის მამა გიორგი დაკითხვაზე

ჭყნდიდის ეპისკოპოსმა მეუფე პეტრემ კი გუშინ "იმედის" ერთერში რამდენიმე დეტალი გაახმაურა, რომელიც, სავარაუდოდ, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩვენებაშიც იქნება. მისი თქმით, ეს ყველაფერი კარგად დადგმული სცენარის ნაწილია, რომელიც იმით დაიწყო, რომ საპატრიარქოს "ერთ-ერთმა გავლენიანმა ადამიანმა" მამა გიორგის თავისი ოქრომჭედელი ნათესავისთვის ციანიდი სთხოვა და ისიც მიუთითა, თუ ვისი დახმარებით შეძლებდა მის შოვნას დეკანოზი გიორგი მამალაძე - "საყდრისის დაცვის კომიტეტის" წევრის, ირაკლი მამალაძის საშუალებით.

"საპატრიარქოს ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი მამა გიორგის სთხოვს, რომ მას მისი ნათესავი ოქრომჭედლისთვის, რომელიც ცხოვრობს უკრაინაში, სჭირდება ციანიდი, რომელიც გამოიყენება ოქროს დამუშავებაში. მიუთითებს მის ახლობელზე, რომელიც საყდრისში მუშაობს და ასევე ოქროსთან აქვს შეხება. შემდეგ იწყება ამ მსტოვრის ჩართულობა და მომზადება იმისათვის, რომ ეს ციანიდი არა საპატრიარქოში ერთ-ერთი ადამიანის დავალებით ოქრომჭედლისთვის არის საჭირო, არამედ თითქოს საპატრიარქოში მკვლელობის მომზადებისათვის", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×