ჭყონდიდის მიტროპოლიტი საეკლესიო კრების მოწვევას და სინოდალური სასამართლოს აღდგენას ითხოვს. როგორც მან პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, ისევე როგორც სასამართლოს სხდომები, ასევე საეკლესიო კრების პროცესი შესაძლებელია მედიამ გააშუქოს.
მეუფე პეტრეს განცხადებით, მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი, საპატრიარქოს ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა მისი ნათესავი ოქრომჭედლისთვის სთხოვა. ამის შესახებ მეუფე პეტრემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.
„მამა გიორგი მამალაძეს საპატრიარქოს ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი რამდენიმე ხნით ადრე სთხოვს ციანიდს, რომელიც ოქროს გადამუშავებაში გამოიყენება. მიუთითებს მის ახლობელზე, რომელიც საყდრისში მუშაობს, ასევე ოქროსთან აქვს შეხება და აქედან იწყება საქმეში მამა გიორგის ჩართულობა" , - განაცხადა მეუფე პეტრემ.
„შემდეგ იწყება მსტოვრის ჩართულობა და მომზადება იმისთვის, თითქოს საპატრიარქოში მკვლელობა მზადდებოდა. ეს არის ინტრიგა და სცენარი" , - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.
მეუფე პეტრემ ინტერვიუსას დაადასტურა, რომ მსტოვარში, გამოძიების მთავარ მოწმეს, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს გულისხმობდა.