როგორც ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, ევროკავშირის საბჭომ საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ რეგულაცია მიიღო.
„ახლა მიღებულ რეგულაციას ხელი ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა მოაწერონ. ტექსტი შემდეგ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და ძალაში გამოქვეყნებიდან 20 დღეში შევა. მიღებული რეგულაცია ცვლის 539/2001რეგულაციას და საქართველო გადაჰყავს „დანართი II"-ით განსაზღვრული ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ" , - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც მალტის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, კარმელო აბელამ განაცხადა, „ეს შეთანხმება ქართველ ხალხსა და ევროკავშირს დააახლოვებს და ტურიზმისა და ბიზნესის კავშირებს გააძლიერებს".
კარმელო აბელას განცხადებით, საქართველომ საჭირო რეფორმები წარმატებით გაატარა. მათ შორის დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის მართვა, მიგრაციისა და თავშესაფრის მიღების საკითხები.
ვიზალიბერალიზაციის საბოლოო გადაწყვეტილებამდე, თბილისში ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი ჩამოვიდა. მას პრემიერმა უკვე უმასპინძლა. გიორგი კვირიკაშვილმა მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარს, განახლებული აღმაშენებლის გამზირი დაათვალიერებინა.
„ევროკავშირის სახელით, ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე იმისთვის ვმუშაობდი, რომ ამ დიდი მომენტის გაზიარება თქვენთან ერთად შემძლებოდა. მიზანს უკვე მივაღწიეთ. ძალიან მალე, შესაძლოა რამდენიმე დღეშიც კი, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავისუფლად მოგზაურობას შეძლებენ",- განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.
ევროკომისარი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთანაც გეგმავს.