ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე დავით მირცხულავას განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პროექტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და „ხუდონჰესი" აშენდება.
„ტრანს ელექტრიკას" ტექნიკურმა დირექტორმა, დავით მირცხულავამ განაცხადა,რომ პროექტი შეჩერებულია და ჰესის მშენებლობა მომავალ წელსაც ვერ გაგრძელდება.
„აშენდება, რადგან ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ჭრილში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია. ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას", - ამბობს კახი კალაძე.
პროექტი მოიცავს კაშხლის, რეზერვუარის და 500-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის მშენებლობას. ჰესის სიმძლავრე 700 მეგავატია, პროექტის განხორციელებით, ქვეყნის გენერაცია და ენერგოდამოუკიდებლობა გაიზრდება.
„ხუდონჰესის" მშენებლობისთვის, სვანეთის 14-მდე სოფელი უნდა დატბორონ, 180-მდე ოჯახი უნდა განასახლონ.
გარემოსდამცველების ნაწილი მიიჩნევს,რომ სვანეთი სეისმურად არამდგრადია, რეგიონში მეწყრის საშიშროება დიდია, წყლის დაგროვება კი ტენიანობას გაზრდის.
"ხუდონჰესის" მშენებლობა 1986 წელს დაიწყო და 1989 წელს, სეისმური რისკების განხილვის გამო შეჩერდა. 90-იანი წლების ენერგოკრიზისის შემდეგ პროექტი დღის წესრიგში ისევ დადგა. 2006 წელს რისკები "მსოფლიო ბანკმა" შეისწავლა. საერთაშორისო ორგანიზაციის 2009 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რისკები მინიმალური და ადვილად დასაძლევია.