მთიან ყარაბაღში, აზერბაიჯანელი და სომეხი სეპარატისტების შეტაკებისას, 5 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას,სააგენტო „REUTERS"-ი აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, სომეხი სეპარატისტები გარდაცვლილი სამხედროების სამშობლოში გადასვენებას ხელს უშლიან.
„გარდაცვლილი ჯარისკაცების გადასვენება ვერ მოხდა, რადგან აზერბაიჯანულმა მხარემ შეთანხმება დაარღვია" , - განაცხადა სომხური მხარის წარმომადგენელმა.
სააგენტოს ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის რეგიონში არსებული დაძაბულობა, სამხრეთ კავკასიაში უფრო მასშტაბური კონფლიქტის წარმოქმნის საფრთხეს ქმნის.
„REUTERS"-ის ცნობით, ეუთოს მინსკის საერთაშორისო მედიატორების ჯგუფმა, კონფლიქტის ორივე მხარეს მოუწოდა,რომ მძიმე სამხედრო ტექნიკა დღეს არსებულ პოზიციებზე დატოვონ და გარდაცვლილების გადასვენებას ხელი არ შეუშალონ.
ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის დაპირისპირება 1991 წელს დაიწყო და 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმებით დასრულდა.თუმცა, დღემდე ორივე მხარე ერთმანეთს მუდმივად ძალადობაში ადანაშაულებს.
„REUTERS"-ის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ბოლოს აპრილში დაირღვა, რასაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა.