ევროკავშირის საბჭომ 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 1 მარტს ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი ხელს მოაწერენ მიღებულ რეგულაციას, რის შემდგომაც ტექსტი გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 20 დღეში, რაც იმას ნიშნავს, რომ აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ.
მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "საქართველო, უკვე დღეს მნიშვნელოვან გზავნილს უგზავნის ევროპას. გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეინარჩუნებს პროგრესის დონეს. ის კვლავ მიაღწევს წარმატებებს და დაკისრებული მოვალეობების შესრულებას იგივე პასუხისმგებლობით გააგრძელებს.
"იყო ევროკავშირის წევრი - ეს ნიშნავს, რომ იყო ნაწილი მშვიდობის, ტოლერანტობის, სტაბილურობის, პროგრესის და კეთილდღეობის. საქართველო უკვე დღეს მნიშვნელოვან გზავნილს უგზავნის ევროპას. გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, - განაცხადა მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა.
ამავე შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უვიზო რეჟიმის ამოქმედებას უკავშირდება.
"უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩვენს საზოგადოებებს შორის მჭიდრო ტურისტული, საგანმანათლებლო-კულტურული და ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და წვლილს შეიტანს საქართველოში ევროპული ფასეულობებისა და იდეების დამკვიდრებასა და განმტკიცებაში.
"მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. საქართველოს ხელისუფლება სრულად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას უკავშირდება.
"ჩვენ ვახორციელებთ მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ფართომასშტაბიან ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიას უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ.
"ეს შედეგი ადასტურებს ორ რამეს - პირველი, რომ ევროკავშირი სათანადოდ აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში და რომ საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა სანდო და მტკიცეა.
"ამასთან ერთად, ეს მიღწევა საქართველოს მთავრობისთვის დამატებითი ბიძგის მიმცემია საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმების გასაგრძელებლად. მაგრამ მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ევროკავშირი ასრულებს საკუთარ პირობას და დაპირებებს.
"დღეს არსად, ისე როგორც საქართველოში, ძლიერია ევროპული სულისკვეთება. დღეს საქართველოში, როგორც არსად, ზეიმობს ერთიანი ევროპის იდეა, ესმით ევროპის ერთიანი საგარეო, უსაფრთხოების და ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელობა.
"გილოცავთ დღევანდელ დღეს ჩვენო თანამემამულენო და მე ვულოცავ ევროპასაც, რადგან დღეს, საქართველო როგორც ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი, კიდევ უფრო ახლოს მივიდა თავის ოჯახთან", - განაცხადა პრემიერმა.
"რეზონანსი" კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ რას გულისხმობს უვიზო რეჟიმი, რომელ ქვეყნებში შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილება და რა უნდა გაითვალისწინონ.
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას:
წევრი ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.
არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;
კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;
გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია. ამ ქვეყნების ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ შესაბამის საკონსულო სამსახურებს.
მნიშვნელოვანია ის, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები. რაც გულისხმობს, 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.
ევროკავშირის - შენგენის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ;
მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ახლობლების მონახულება, ბიზნეს-შეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები - ტრეინინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს;
გასათვალისწინებელია ის, რომ უვიზო რეჟიმი არ შეეხება შენგენის წევრ სახელმწიფოებში გრძელვადიან ვიზიტებს, როგორიც არის - განათლების მიღება, მუშაობა ან სხვა.
ევროკავშირის - შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით დარჩენის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს ვიზის მისაღებად.
ქვეყანაში 90 დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და ასეთი პირი დაექვემდებარება რეადმისიას (საქართველოში დაბრუნებას).
ამასთან, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს შეეზღუდება შენგენის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე პერიოდით. ალტერნატივის სახით შესაძლოა გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული ზომები - ჯარიმა 3000 ევრომდე ოდენობით. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონდამრღვევს აეკრძალება შესვლა შესაბამის ქვეყანაში ან შენგენის ტერიტორიაზე.