"თუ თქვენ გაინტერესებთ, გაჩნდება თუ არა ლარსის ალტერნატივა, გარწმუნებთ, რომ დიახ, გაჩნდება", - სომხეთის პრემიერის ამ განცხადების შემდეგ, რომ თბილისში რამდენიმე დღის წინ ვიზიტისას ლარსის გამშვები პუნქტის ალტერნატივაზე მოლაპარაკება წარმატებით შედგა, უკვე მერამდენედ გაააქტიურდა აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის რკინიგზის შესაძლო აღდგენის თემა და ეს თბილისში მორიგი ურთიერთბრალდებების თემა გახდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
კონკრეტულად კი, 23-24 თებერვალს სომხეთის პრემიერი კარენ კარაპეტიანი ოფიციალური ვიზიტით თბილისს სტუმრობდა და სომხეთში ჩასვლის შემდეგ რუსულ გამოცემა "სპუტნიკთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ლარსის გამშვები პუნქტის ალტერნატივაზე ნაყოფიერი მოლაპარაკება შედგა.
"ჯერჯერობით მე ფრჩხილებს ბოლომდე არ გავხსნი. ჩვენ მოვილაპარაკეთ როგორც ლარსზე, ასევე ენერგეტიკულ დერეფანზეც", - განაცხადა კარაპეტიანმა, რომლის თქმითაც, საქართველოში ვიზიტი ნაყოფიერი და კონსტრუქციული იყო და მან სრულად შეასრულა ის დღის წესრიგი, რომლითაც სომხეთიდან ჩამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ კარაპეტიანს არ დაუკონკრეტებია, რა არის ლარსის ალტერნატივა, მისი განცხადების შემდეგ რამდენიმე დღეა სომხური და რუსული მედია აქტიურად წერენ, რომ სწორედ სომხეთ-რუსეთის რკინიგზის აღდგენაზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები. ამ ინფორმაციას კი ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების ღალატში ბრალდებები მოჰყვა.
ამ თემის განხილვას კატეგორიულად უარყოფს მმართველი გუნდი და აცხადებს, რომ ოპოზიციამ ამ თემით უბრალოდ სპეკულირებს. ორი ქვეყნის პრემიერების, გიორგი კვირიკაშვილისა და კარენ კარაპეტიანის ოფიციალური შეხვედრა ისე დასრულდა, რომ შეხვედრის დეტალებზე მედიასთან არ უსაუბრიათ.
მათ მხოლოდ მცირე განცხადებები გააკეთეს სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებაზე და ითქვა ის, რომ საუბარი ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხებოდა.
საგულისხმოა ის, რომ 2013 წლის იანვარში სომხეთში ვიზიტისას იმჟამინდელმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მალე რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზა, რომელიც საქართველოზე გაივლის, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთზე, რეალობადაც იქცეს.
ივანიშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ ყველა მხარის თანხმობის შემთხვევაში, რკინიგზის გახსნა შესაძლებელი იყო. ეს თემა მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გააქტიურდა, თუმცა ყოველ ჯერზე ხელისუფლება უარყოფდა მსგავს მოლაპარაკებას.
სომხურ მედიაში თემის ისევ გააქტიურების შემდეგ ოპოზიცია ხელისუფლებას, ქართველი ხალხის ზურგს უკან, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს და სომხეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების გასაჯაროებას ითხოვს.
"როგორც კი ჩვენ შევალთ რაღაც გარიგებებში სეპარატისტებთან და მათ მივანიჭებთ რაღაც ლეგიტიმურობას, თუნდაც აფხაზეთის მონაკვეთზე ამ ხელშეკრულებით და არ არის გამორიცხული, ასე იყოს, მაშინ ეჭვქვეშ დავაყენებთ არაღიარების პოლიტიკას, რაც არის უმთავრესი იარაღი ამ წუთას ჩვენს ხელში. ეს ეროვნული საკითხია და არ შეიძლება კულუარებში გადაწყდეს. უნდა მოხდეს ამ საკითხის გარჩევა საპარლამენტო მოსმენაზე", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა რურუა.
"საქართველოს დღეს მართავს ხელისუფლება, რომლის მიმართაც არსებობს ძალიან დიდი უნდობლობა, რომ ის ყველაფერს უთმობს რუსეთს. ეს "გაზპრომის" მაგალითზეც კარგად გამოჩნდა. ამიტომ, ამ საკითხშიც საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, საჯაროდ თქვას სიმართლე, რა გარიგებასთან გვაქვს საქმე", - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
"ქართულ ოცნებაში" კი რკინიგზასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს კატეგორიულად უარყოფენ.
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ მთავრობაში ამ საკითხზე არავითარი მსჯელობა არ ყოფილა, ოპოზიცია კი ტყუის. "პირველად მესმის, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. მსჯელობაც კი არ ყოფილა მთავრობაში ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით. ოპოზიცია ბევრ რამეს ამბობს და ძალიან ბევრ სიცრუეს", - აცხადებს კალაძე.
შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ თემას "ბევრი ინტერპრეტაცია მიეცა გაუგებარი მიზეზებით" და "რკინიგზის საკითხზე ასეთი მოლაპარაკებები არ ყოფილა და არც მიმდინარეობს".
ინფორმაციას არ ადასტურებენ არც საპარლამენტო უმრავლესობაში. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ "ეს საკითხი ძალიან შორს არის მოლაპარაკებიდან კი არა, განხილვიდანაც".
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის თქმით, აფხაზეთის რკინიგზის შესაძლო გახსნის საკითხი ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად ინსპირირებულია და მსგავსი თემა დღის წესრიგში არ დგას.
ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ლარსი ალტერნატიული გზა საზღვაო მიმართულებით შესაძლოა იყოს, მაგალითად, ფოთის პორტში ახალი ტერმინალების დამატება, სახმელეთო კი - აფხაზეთზე გამავალი რკინიგზა და სომხები რკინიგზის აღდგენის საკითხს პერმანენტულად აყენებენ ხოლმე. თუმცა თვლის, რომ ეს თემა რეალური გადაწყვეტისგან შორსაა.
"რკინიგზა სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, ისინი ყველა შეხვედრაზე ცდილობენ, რაღაც ტიპის მოლაპარაკების ინიცირება მოახდინონ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქართული მხარე ამ საუბრებში ღრმად შედის.
"ჩემი აზრით, საქმე ისე არ უნდა დავაყენოთ, რომ ამ საკითხზე საერთოდ ხმა არ უნდა ამოვიღოთ და თვალები დავხუჭოთ, არამედ ყველას უნდა ველაპარაკოთ საკუთარი ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით.
"მთავარი საკითხია ის, რომ თუ ჩვენ ეკონომიკური ტვირთების გადაადგილებაზე და სატრანზიტოზე ვსაუბრობთ, სად უნდა გავიდეს ეკონომიკური საზღვარი. ჩვენი პირობით ეკონომიკური საზღვარი უნდა გადიოდეს ფსოუზე და არა ენგურზე.
"თუ მეორე მხარე, პირობითად რუსეთი და აფხაზები ამ პირობას დათანხმდებიან, მაშინ რატომაც არ უნდა განვიხილოთ? თუ უარს იტყვიან, ეკონომიკური საზღვარი გადიოდეს ფსოუზე, ჩვენც უარს ვიტყვით", - ამბობს ხუხაშვილი.
"ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო მასონურ ლოჟას დაემსგავსა, ისეთი ჩაკეტილია. არანაირი ინფორმაცია არ გამოდის. სომხეთის პრემიერი ჩამოვიდა, ტრანსპორტზე ვილაპარაკეთო, თქვეს და რა ტრანსპორტია, არ უნდა თქვან? თითქოს საკუთარი რეიტინგის დაცემაზე მუშაობენ.
"ყოველ ახალი უპასუხო კითხვას პარლამენტიდან მიღებული სულელური პასუხები მოსდევს, მათგან, ვინც ამ საკითხის ბაიბურში არ არის და გადაწყვეტილებასაც არავინ ეკითხება. ასეთი არამკითხე მოამბეები გამოდიან და ისინი იძლევიან პასუხებს, ნაცვლად იმისა, პასუხი გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა მოგვცეს", - რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობაზე გაჩენილი კითხვების შესახებ საუბრობს დიპლომატიის აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე.
სოსო ცინცაძე: აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის თემაზე საუბარი დიდი ხანია არსებობს. ჩემი აზრით ეს მოლაპარაკების თემა შეიძლება გახდეს იმ შემთხვევაში თუ საკითხი ასე დაისმევა - ჩვენ სანაცვლოდ რას მივიღებთ?
შევარდნაძის დროს სოჭის შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ დევნილები უნდა დაბრუნებულიყვნენ ოჩამჩირეში. თუკი ასე დადგება საკითხი, მაშინ შესაძლებელია შეთანხმება მოხდეს. ჩვენ აფხაზეთი დავკარგეთ მაშინ, როდესაც იქიდან ქართველები გამოაძევეს. თუ ტერიტორიაზე მოსახლეობა გყავს, ეს კოზირის გაუჭრელი კარტია.
თუ ისინი ამაზე არ წამოვლენ, მაშინ საკითხი დახურულია. მორჩა, ჩვენც არ უნდა დავთანხმდეთ. აფხაზებს ყველაზე დიდი მეცნიერი არძინბა ჰყავდათ და ისიც რა მეცნიერი იყო, ესეც კარგად მახსოვს. თამაზ გამყრელიძეს უნდა უმადლოდეს თავის დოქტორობას.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სად უნდა დაფიქსირდეს ეკონომიკური საზღვარი, ენგურზე თუ ფსოუზე? ქართველ მესაზღვრეებს სად შეეძლებათ მატარებელზე ავიდნენ და ტვირთი შეამოწმონ?
სააკაშვილის ხელისუფლებამ კოზირი დაკარგა, როდესაც ევროპამ დაიყოლია და რუსეთს მსო-ში (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია) შესვლის ნებართვა მისცა და სანაცვლოდ არაფერი არ მიგვიღია.
დღეს ვეძებთ იმას, რომ შვეიცარიელი მონიტორები დადგნენ, მაგრამ არანაირი მონიტორინგი არ ხდება და არავინ არ იცის, როგორ ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთიდან ტვირთების შემოტანა, რუსეთი კი მსო-ს წევრია.
რკინიგზის შემთხვევაშიც, სად იქნება საზღვარი? თუ კომპრომისამდე მივიდნენ, რომ ფსოუზე იყვნენ შვეიცარიელი მებაჟეები, უცხო ქვეყანას რატომ უნდა მივცეთ ჩვენი საზღვრის, ფსოუს საზღვრის გაკონტროლების ნებართვა? თუკი არაფერს არ მივიღებთ, რკინიგზის გახსნა გამორიცხულია.
სანაცვლოდ რას მივიღებთ, ტრანზიტისთვის რაღაც კაპიკებს გადაგვიხდიან? გარდა ამისა, ამ დღეებში ყველაფერზეა ლაპარაკი, გარდა ერთი დელიკატური საკითხისა. როგორ შეხედავს ამ შესაძლებლობას აზერბაიჯანი. საიდუმლო არ არის, რომ ამ რკინიგზის მთავარი ეშხი როგორც მოსკოვისთვის, ისე ერევნისთვის გიუმრის სამხედრო ბაზის მომარაგებაა. მიკვირს ქართული დიპლომატიის გაუთვლელი სისულელეები.
კიდევ კარგი, სომხური პრესა თავშეუკავებელია და იქიდან ვგებულობთ რა ხდება. ჩვენ მთავრობა ხშირად გვეუბნება რაღაც თემებზე, არ განიხილებაო, თუმცა შემდეგ რეალობის წინაშე გვაყენებს. ასე იყო, გაზის გადასახადი არ გაიზრდებაო და გაიზარდა.
თავის დროზე ენერგეტიკის სამინისტრო გვიმტკიცებდა, რასაც "გაზპრომი" გვთავაზობს, ის პირობები წამგებიანია და ხელს არ მოვაწეროთო, მაგრამ შემდეგ მოაწერეს. ამიტომ მთვარობის მიმართ ნდობა დაკარგულია და რასაც მინისტრები ამბობენ, ხალხს არ სჯერა, ეს "ციანიდის საქმე" იქნება თუ სხვა დანარჩენი, ყველაფერზე ასეა.
რუსეთს მადა ჭამაში მოსდით. აგერ ლავროვმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნება თუ დიპლომატიური ურთიერთობა არ აღდგა და პლუს, ანტიტერორისტული ცენტრი არ შეიქმნებაო. ანტიტერორისტული ცენტრი კი ოფიციალურად ფე-ეს-ბეს ფილიალს ნიშნავს, რომელსაც შენ ხელს ვერ ახლებ.
რუსეთის ეს სტილი რაღაც ცუდის მანიშნებელია. არ ვიცი რატომ გადაწყვიტეს რუსეთში, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ასე ცალკე კარში თამაშს დაამსგავსონ. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ასე ცალ კარში თამაშის.
ჩვენი საგარეო საქმეთ სამინისტრო მასონურ ლოჟას დაემსგავსა, ისეთი ჩაკეტილია. არანაირი ინფორმაცია არ გამოდის. სომხეთის პრემიერი ჩამოვიდა, რაღაცაზე მოილაპარაკეს და ერთობლივი პრესკონფერენციაც არ ჩაატარეს, რომ შეკითხვები დასმულიყო. არ მესმის, რატომ ხდება, რომ ჩვენი მთავრობის ყველა ნაბიჯი მხოლოდ ახალ-ახალ კითხვებს ბადებს ყოველთვის.
ეს მარტო ამ თემას არ ეხება, არამედ იგივე ციანიდის თუ გაზპრომის თემასაც. რა გამოდის, სომეხი პრემიერი უფრო გულახდილია? თუ მისი განცხადება სიმართლე არ არის, გამოვიდეს ჩვენი პრემიერ, და სომეხი კოლეგის განცხადების დეზავიურება მოახდინოს.
ტრანსპორტზე ვილაპარაკეთო, თქვეს და რა ტრანსპორტია, არ უნდა თქვან? თითქოს საკუთარი რეიტინგის დაცემაზე მუშაობენ. ყოველი, ახალ უპასუხო კითხვას პარლამენტიდან მიღებული სულელური პასუხები მოსდევს მათგან, ვინც ამ საკითხის ბაიბურში არ არის და გადაწყვეტილებასაც არავინ ეკითხება.
ასეთი არამკითხე მოამბეები გამოდიან და ისინი იძლევიან პასუხებს, ნაცვლად იმისა, პასუხი გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა მოგვცეს.