„ციანიდის საქმეზე" დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვა ე.წ. მატროსოვის ციხეში 13:00 საათისთვის განახლდება. დაკავებულის ადვოკატები უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფებიან.
ბრალდებულის უფლებადამცველის, მიხეილ რამიშვილის თქმით, გუშინ მიმდინარე დაკითხვისას მამა გიორგი მამალაძემ პროკურატურისგან ოჯახის წევრების დაცვა მოითხოვა. რამიშვილის განცხადებით, დაცვის მხარე ამ მოთხოვნით პროკურატურას დღეს ოფიციალურად მიმართავს.
„ ბევრი ისეთი კითხვა დაისვა, რაზეც მამა გიორგიმ კატეგორიულად განაცხადა, რომ კითხვებზე პასუხი გაეცემა იმის შემდეგ, როდესაც მისი ოჯახი დაცვით იქნება უზრუნველყოფილი" , - განაცხადა რამიშვილმა.
ადვოკატი ამბობს, რომ მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი დეკანოზს ჩანთაში თავად არ ჩაუდია.
„მამა გიორგის ციანიდი თავის ჩანთაში თავის ხელით არ ჩაუდია. ამაზე ვიმსჯელებთ შემდეგში და ჩვენს პოზიციას დავამტკიცებთ, პროკურატურამ კი თავისი პოზიცია დაგვიმტკიცოს" , - აცხადებს დეკანოზის ინტერესების დამცველი.
გიორგი მამალაძე გამოძიების შეკითხვებს გუშინ 8 საათის განმავლობაში პასუხობდა. დაკავებულის ადვოკატების თქმით, დეკანოზმა კონკრეტული პირები დაასახელა. უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ დაკითხვის პროცესი შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდეს.