საკონსტიტუციო კომისია დღეიდან მუშაობის ახალ ეტაპზე გადადის. კომისია კონსულტაციების მეორე რაუნდს იწყებს, რომლის საფუძველზეც კონსტიტუციაში შესატანი ძირითადი ცვლილებები საბოლოოდ უნდა გამოიკვეთოს.
დღეს კომისის სხდომაზე სოციალურ უფლებებზე, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხების კონსტიტუციით განსაზღვრაზე და მიწის საკითხზე იმსჯელებენ. დღეს აქცენტი ადამიანის უფლებებსა და მართლმსაჯულების კონკრეტულ პუნქტებზეც გაკეთდება.
მიწის საკითხზე საკუთარ ინიციატივას „ლეიბორისტული პარტია" დააყენებს. ისინი სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების აკრძალვას ითხოვენ.
ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, დღეს საუბარი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაზეც იქნება, რომელსაც ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
„დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილება, რომ პრეზიდენტს ჩამოერთვას უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის შესაძლებლობა და ეს უფლება იუსტიციის საბჭოს გადაეცეს . ეს სასამართლოს პოლიტიკური დამორჩილებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია" , - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.