დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტის რანგში დღეს კონგრესის წინაშე წარდგება და კანონმდებლებს ერთთვიანი მუშაობის შედეგებს გააცნობს.ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეერთებული შტატების კონსტიტუცია პრეზიდენტს ავალდებულებს, რომ კონგრესს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დროდადრო მიაწოდოს. დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, წელიწადში ერთხელ, კონგრესის გაერთიანებულ სესიაზე პრეზიდენტი მოხსენებით გამოდის.
„დემოკრატი" კონგრესმენები რუს მაღალჩინოსნებთან პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის კავშირის გამოსაძიებლად დამოუკიდებელი კომისიის შექმნას ითხოვენ.
პრესკონფერენციაზე კონგრესის წარმომადგენელთა პალატის „დემოკრატმა" ლიდერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ინაუგურაციიდან 40 დღის განმავლობაში პრეზიდენტ ტრამპს და „რესპუბლიკელთა" კონგრესს სამუშაო ადგილების შესაქმნელად არაფერი გაუკეთებიათ და მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანას ცდილობენ.
დონალდ ტრამპმა რუსეთთან კავშირებზე საუბრების გააქტიურებას, კვირას „Twitter"-ის საკუთარ გვერდზე უპასუხა. პრეზიდენტი წერს,რომ რუსეთის თემას საარჩევნო მარცხის გადასაფარად იყენებენ.
უმცირესობის ლიდერები ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკას კონგრესის ორივე პალატაში აკრიტიკებენ.