ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოსთან მდებარე მოედანს შესაძლოა ბორის ნემცოვის სახელი დაარქვან. ინიციატივა "რესპუბლიკელ" სენატორს, მარკო რუბიოს ეკუთვნის, რომელმაც შესაბამისი კანონპროექტი უკვე წარმოადგინა. ინფორმაციას სენატორის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მარკო რუბიო ქუჩისთვის "ბორის ნემცოვი პლაზას" დარქმევას მოითხოვს. სენატორის თქმით, ამას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ხსოვნას და ყველა იმ რუს მოქალაქეს უძღვნის, ვინც რუსეთში დემოკრატიისა და ნემცოვის მკვლელობის საქმის გახსნისთვის იბრძვის.
სენატორის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონში ბორის ნემცოვის სახელობის ქუჩა ყოველთვის შეახსენებს პუტინის რეჟიმს, რომ თავისუფლების დამცველებს ვერ გააჩუმებს და კრემლის ქმედებები შეუმჩნეველი არ დარჩება.
„ "ბორის ნემცოვი პლაზა" პუტინის რეჟიმსა და რუს ხალხს ყოველთვის შეახსენებს, რომ რუსი დისიდენტების ხმა ცოცხალია და თავისუფლების დამცველები არ გაჩუმდებიან" , -განაცხადა ფლორიდელმა სენატორმა რუბიომ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს კრემლის მახლობლად, სეირნობის დროს მოკლეს.