ბრძოლა "რუსთავი 2"-ისთვის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა - უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანიის საქმის განხილვა 2 მარტს ჩანიშნა. საქმე მხარეთა დაუსწრებლად განიხილება და არ არის გამორიცხული, გადაწყვეტილება იმ, დღესვე გახდეს ცნობილი ან, შესაძლოა, საბოლოოდ კიდევ ერთი სხდომა ჩაინიშნოს. მხარეები გამარჯვების მოლოდინში არიან, თუმცა მანამდე გარკვეული მოსამართლეების აცილების შუამდგომლობას დააყენებენ.
"ჩვენ პროტესტის გამოთქმის გარდა ვერაფერს ვიზამთ, ამ საკითხს ჩვენ ვერ ვწყვეტთ. მხარეთა დასწრების გარეშე განხილვა ძალიან საეჭვო და ცუდი ფაქტია," - განაცხადა "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ნომინალურად ქიბარ ხალვაშია (60% ქიბარ ხალვაშს 40% მისი კუთვნილი კომპანიის), თუმცა აღსრულების მუხლის შეჩერების გამო ტელევიზიის მართვას ვერ ახერხებს და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოება. ამის შემდეგად კი, გამარჯვების შემთხვევაში, შეძლებს არხზე სადავეების აღებას.
უზენაეს სასამართლოს საქმის განსახილველად კანონით განსაზღვრული 6-თვიანი ვადა ჰქონდა, რომელიც 25 იანვარს ამოიწურა. საქმის არსებითი განხილვა 21 ნოემბერს დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საქმის სირთულის გამო ტელეკომპანიის ბედს 3 მოსამართლის ნაცვლად, 9 მოსამართლე გადაწყვეტს.
ცნობილია იმ 9 მოსამართლის ვინაობაც, რომელიც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეს განიხილავს: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, მისი მოადგილე მზია თოდუა, ასევე ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი შავლიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლეების, პაატა ქათამაძისა და ზურა ალავიძის, მიმართ ზეწოლაზე საუბრობდა, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურას მიმართა. საბოლოოდ შოთაძის უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ ამ ადამიანებზე ზეწოლას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი დავით საყვარელიძე ახდენდა. ამას თავად საყვარელიძე კატეგორიულად უარყოფს, ხოლო ტელეკომპანიაში მიაჩნიათ, რომ მოსამართლეებზე წნეხს, პირიქით, ხულისუფლება, კონკრეტულად კი სუს-ი ახორციელებდა.
"მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2017 წლის 11 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ საცხოვრებელი სახლის მისამართებზე დავით საყვარელიძის სახელით მიიღეს წერილობითი მიმართვები, რომლითაც ავტორი მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს. ამავდროულად, ხსენებულმა მოსამართლეებმა მათ სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონებზე უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მიიღეს მსგავსი ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქიბარ ხალვაშის დაცვის მხარემ 3 მოსამართლის აცილების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა და ამ საკითხს ხუთშაბთს კიდევ ერთხელ დააყენებს. ეს მოსამართლეები არიან: ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე და ეკატერინე გასიტაშვილი.
"ამ სამმა მოსამართლემ სწრაფად და ოპერატიულად მიიღო გადაწყვეტილება "რუსთვი 2"-ის საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის თაობაზე. ვთვლით, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა. ამ განჩინების მოტივაციაც არაარგუმენტირებული იყო," - განაცხადა პაატა სალიამ.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი "რუსთავი 2"-ის მხრიდან სასამართლოს შემადგენლობაზე განხორციელებულ ზეწოლაზეც ლაპარაკობს. პაატა სალიას მიაჩნია, რომ კოლეგია მოწინააღმდეგე მხარისგან, ტელეეთერების მეშვეობით, ზეწოლას განიცდის.
"რუსთავი 2"-ის ადვოკატის თამთა მურადაშვილის განცხადებით კი, შესაძლოა, 2 მარტს საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდეს. ტელეკომპანიის მხარე, ასევე, გეგმავს ორი მოსამართლის: ნინო გვენეტაძისა და მზია თოდუას აცილების მოთხოვნას.
"ისინი ვერ იქნებიან მიუკერძოებლები, არსებობს საკმარისი ეჭვები მათ მიკერძოებულობაზე. პალატა ახლიდან უნდა დაკომპლექტდეს. სხვა მოსამართლეების აცილებას ითხოვს ქიბარ ხალვაში. ესენი არიან ის მოსამართლეები, რომლებიც ბოლო პერიოდში ე.წ. პროვოკაციაზე საუბრობდნენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სამი მოსამართლე ხელისუფლებისთვის არასასურველია," - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქმის გადაწყვეტილებითვის 5 მოსამართლის თანხმობაა საჭირო. მურადაშვილი იმედოვნებს, რომ სამართლებრივი შედეგი დადგება და ტელეკომპანია მის მფლობელ ძმებ ყარამანიშვილებს დაუბრუნდება.
"არსებული მოვლენებიდან და აქცენეტებიდან გამომდინარე, თუ როგორ გადასცა პატარა კოლეგიამ საქმე დიდ კოლეგიას, ვფიქრობ, რომ თუ მოსამართლეებმა გაუძლეს ზეწოლას და დიდ პალატაში არ იქნებიან ხელისუფლების მხარდამჭერები, შესაძლებელია დადგეს სამართლებრივი შედეგი. თუმცა როგორც ცნობილია, დიდ პალატაში 9 მოსამართლე შედის და ხმები როგორ გადანაწილდება, არ ვიცი, ძნელი სათქმელია," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას მურადაშვილი.
სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი აქვს პაატა სალიასაც, თუმცა, მისი აზრით, სასამართლომ ძალაში უნდა დატოვოს პირველი და მეორე ინსტანციების გადაწყვეტილება.
"ვფიქრობ, სასამართლომ ჯერ შუამდგომლობებზე უნდა იმსჯელოს და შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ეს მოესწრება თუ არა ერთ დღეში, არ ვიცი. ასე რომ, შესაძლოა გაგრძელდეს.
"იმედი მაქვს, რომ სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და სწორი გადაწყვეტილებაა ძალაში დატოვოს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს განჩინებები," - გვითხრა სალიამ.