რეზონანსი
01.03.2017

 ოკუპანტებმა სოფელ ფლავის მკვიდრი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა ედება.მის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით უკვე დაწყებულია.

ცხინვალის მილიციაში, წინასწარი პატიმრობის იზოლატორში მყოფი კახაბერ ქისიშვილის ოჯახს აცნობეს, რომ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის საჯარიმო თანხა - 2000 რუბლი უნდა გადაიხადონ. თუმცა, დაკავებულის დედა აცხადებს, რომ არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ და შესაბამისად, 2000 რუბლის გადახდას ვერ შეძლებენ.

მარო ქისიშვილის თქმით, ოჯახი სოციალურად დაუცველია და შემწეობას იღებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა თურქეთის მიმართულებით საქართველოს საზღვარი გადაკვეთა, სოციალური შემწეობა მოეხსნათ.

„მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩემს შვილს ტვინის შერყევა აქვს. სავარაუდოდ, დაკავებისას სცემეს. გარდა ამისა, მას ეპილეფსიაც აქვს და ხშირად გულყრა ემართება. ვფიქრობ, რომ ცხინვალის მილიციაში ყოფნისას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუუარესდება", - აცხადებს დაკავებული კახაბერ ქისიშვილის დედა.

მარო ქისიშვილის ინფორმაციით, მისი შვილი ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ოტრევში ახლობელთან იმყოფებოდა, რის გამოც დააკავეს.

კახა ქისიშვილის საკითხს სავარაუდოდ ხვალ, ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგ სამუშაო შეხვედრაზე განიხილავენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×