გიორგი მარგველაშვილი, ბელარუსში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა. საუბრის ერთერთი მთავარი თემა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო.გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ე.წ. „ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების" განხორციელებით,რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესი დაიწყო. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ დაანონსებული რეფერენდუმის ჩატარებას, უარყოფითი შედეგები ექნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისათვის.
მარგველაშვილმა აღნიშნა, რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია მნიშვნელოვანია. საუბარი ასევე შეეხო 2016 წლის 19 მაისს სოფელ ხურჩაში მომხდარ ინციდენტსაც.
სახელმწიფო ლიდერებმა განათლებისა და ინოვაციების მიმართულებებით თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს,რომ ეს ვიზიტი ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს.