დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ე.წ.მატროსოვის ციხესთან განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა გაგრძელდება მაშინ, როცა პროკურატურის გონივრული ვადა დადგება და პასუხს გაგვცემენ, აპირებენ თუ არა მამა გიორგის ოჯახისთვის დაცვის უზრუნველყოფას.
ადვოკატის ინფორმაციით, მამა გიორგიმ პირადად დაწერა განცხადება და გადასცა ბრალდებას, რომ მხოლოდ მას შემდეგ გააგრძელებს ჩვენების მიცემას, რაც მისი ოჯახი იქნება დაცული.
"უკვე რამდენიმე დღეა გაუთქმელობის გაუქმებაზე აქვთ შეტანილი ადვოკატებს განცხადება და პასუხი არ არის, არც ჩვენს მოთხოვნაზეა პასუხი დაცვის ღონისძიებებზე. როგორც იცით, მეორე დაკითხვის დროს დეკანოზი ცუდად იყო და განაცხადა, რომ თუ არ განხორციელდება ოჯახის დაცვის ღონისძიება, ჩვენებას არ მისცემს. ამის თაობაზე ოქმშიც დაფიქსირდა. დეკანოზმა თავისი ხელით დაწერა განცხადება, რის შესახებაც პროკურატურამ თქვა, რომ გონივრულ ვადას იღებს. მათი გონივრული ვადა გონებიდან გამომდინარე რამდენი ხანი გაგრძელდება, ვერ გეტყვით. ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. მამა გიორგი ამ საქმეში არის უდანაშაულო", - განაცხადა ადვოკატმა.