დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, დეკანოზმა პროკურატურას 30 გვერდიანი ჩვენება მისცა და აბსურდია ბრალდების მხრიდან იმაზე საუბარი, რომ დეკანოზი კითხვებზე პასუხს არ სცემს. მისი თქმით, მთავარი საგამოძიებო ორგანო არასწორ და ცრუ ბრალდებებს აჟღერებს, თითქოს მამა გიორგი არ აპირებს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას.
"პროკურატურა აცხადებს, თითქოს კრიტიკული კითხვები როცა დასვეს, მაშინ განაცხადა უარი დეკანოზმა დაკითხვაზე. ვაცხადებ, რომ დაკითვის ოთახში მამაო ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საერთოდ არ მისულა. რომელ კრიტიკულ კითხვებზეა საუბარი, თუკი ასეთი კითხვები დაისვა, პროკურატურამ გამოაქვეყნოს ოქმი, სადაც ეს იქნება ასახული. რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ის ამ საქმეში დაზარალებულია. დეკანოზ გიორგი მამალაძეს დუმილიც რომ შეენარჩუნებინა და ჩვენებაში მასზე საერთოდ არ ესაუბრა, თეთრუაშვილი მაინც უნდა დაიკითხოს იმიტომ, რომ ის დაზარალებულია", - აღნიშნა ფანცულაიამ.